Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში მკურნალობს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში რჩება და მკურნალობის კურსს გადის. გაგლოევს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ ცხინვალელ ჟურნალისტებს აცნობა.

„იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას სხვა ადამიანების ჯანმრთელობას, პრეზიდენტმა გადაწყვიტა თვითიზოლაციაში დარჩეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მოსკოვში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“, - განაცხადა ბოსიკოვამ.

შეკითხვაზე, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დე ფაქტო პრეზიდენტის თვითიზოლაცია, ბოსიკოვამ უპასუხა, რომ ეს ყველაფერი ექიმების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.

„ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში პრეზიდენტს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ“, - განაცხადა მან. ბოსიკოვამ დასძინა, რომ გაგლოევი მკურნალობის პერიოდში დისტანციურად იმუშავებს.

მანამდე კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი და გაგლოევი 22 თებერვალს მოსკოვში ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ და განეხილათ „ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი მდგომარეობა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები, პირველ რიგში, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში“. თუმცა პუტინთან შეხვედრამდე, სამედიცინო შემოწმებისას გაგლოევს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ოთხშაბათს ვლადიმირ პუტინისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს გაგლოევს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების მოგვიანებით გადატანის შესახებ. სამწუხაროდ, კოვიდზე მისმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა“, - განუცხადა 22 თებერვალს, ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა და გაგლოევს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, გასული წლის აპრილში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში, კრემლის მაშინდელი ფავორიტი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ, გასული წლის მაისიდან გაგლოევი არაერთხელ იმყოფებოდა მოსკოვში, თუმცა მას მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ხვდებოდნენ. ამ დრომდე პუტინი გაგლოევს არ შეხვედრია და ამას ცხინვალში მისი ოპონენტები გაგლოევის წარუმატებლობად აღიქვამენ. ისიც აღსანიშნავია, რომ კრემლმა ცხინვალის ბიუჯეტის წლევანდელი დაფინანსება 7 მილიარდიდან 5 მილიარდ რუბლამდე შეამცირა.

XS
SM
MD
LG