Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი ინვესტორები რუსეთიდან მილიარდებს ვერ გაიტანენ


რუსეთის ცენტრალური ბანკი
რუსეთის ცენტრალური ბანკი

რუსეთში უცხოელი ინვესტორების ანგარიშებში მილიარდობით დოლარია, რომელსაც კომპანიები სანქციების გამო ქვეყნიდან ვერ გაიტანენ. ამის შესახებ წერს სააგენტო "ბლუმბერგი", რომლის თანახმად, საუბარია აქციებით მიღებულ დივიდენდებსა და პროცენტიან ობლიგაციებზე, რომელთა გაყიდვა უცხოურმა კომპანიებმა ვერ მოასწრეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

ეს თანხა ინახება არარეზიდენტებისათვის განკუთვნილ რუბლის სპეციალურ საბანკო ანგარიშებზე, რომელიც ცნობილია როგორც ტიპი "C". ამ ანგარიშებიდან შეუძლებელია თანხების გატანა, შესაძლებელია მხოლოდ მათი მიმართვა განსაზღვრული მიზნებისთვის, მაგალითად, გადასახადების გადასახდელად.

მანამდე, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ უარი თქვა გაემჟღავნებინა " C " ტიპის ანგარიშებზე შენახული ამ თანხის ზუსტი რაოდენობა, მაგრამ აღნიშნა, რომ თანხების ოდენობა კვლავ იზრდება. გასული წლის ნოემბერში, „ინტერფაქსმა“ განაცხადა, რომ ამ ანგარიშებზე თანხების საერთო ოდენობა 280 მილიარდ რუბლს გადააჭარბა.

როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, იურიდიულად თანხა რამდენიმე მსხვილ კომპანიას ეკუთვნის, მაგალითად JPMorgan Asset Management-სა და Schroders Plc-ს, თუმცა კომპანიების წარმომადგენელთა უმეტესობა აღიარებს, რომ თანხების დაბრუნების იმედი არ არსებობს.

"C" ტიპის სპეციალური რუბლის ანგარიშები რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით 2022 წლის მარტში შემოიღეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, სანქციებისა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესდა. ამ ანგარიშებზე დაბლოკილია "არამეგობრული ქვეყნების" არარეზიდენტების საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შემოსავალი. მათი ვალუტად გადაქცევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების ნებართვით.

XS
SM
MD
LG