Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან


ომის შედეგად დაღუპულთა საფლავები ხარკოვში
ომის შედეგად დაღუპულთა საფლავები ხარკოვში

დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ომს უკვე ემსხვერპლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა.

უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინა და რუსეთი არ ასახელებენ დაღუპული სამხედრო პირების რიცხვს. დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლული და დაჭრილია 200 000-მდე რუსი სამხედრო. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგი.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.
XS
SM
MD
LG