Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნები დამატებით ტანკებს აწვდიან უკრაინას


პოლონეთი უკრაინას გადასცემს Leopard-ის ტიპის ტანკებს. 24 თებერვალი, 2023 წელი
პოლონეთი უკრაინას გადასცემს Leopard-ის ტიპის ტანკებს. 24 თებერვალი, 2023 წელი

ბერლინი კიდევ ოთხ Leopard 2A6-ის ტიპის ტანკს გაუგზავნის თავისი სამხედრო მარაგებიდან უკრაინას, განაცხადა ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე.

"ამგვარად, გერმანია ზრდის თავის მიერ მიწოდებული ტანკების რაოდენობას 14-დან 18-მდე", იტყობინება სამინისტრო. გერმანია ეძებს პარტნიორებს, რათა დაეხმაროს უკრაინული ასეულის აღჭურვას სულ, Leopard-ის ტიპის 31 ტანკით.

პოლონეთი აქამდე ამ ტიპის 14, უფრო ძველ, 2A4 მოდელებს დაჰპირდა უკრაინას და განაცხადა, რომ პირველი პარტია უკვე ჩავიდა ადგილზე. შვედეთი, რომელიც ჯერ არ არის ნატოს წევრი და რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალიტეტზე და ალიანსს შეუერთდეს, გეგმავს 10-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკის მიწოდებას უკრაინისთვის. შვედეთმა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, გამოაცხადა თავისი გეგმები უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ. მიწოდება უნდა მოხდეს გერმანიასთან მჭიდრო კოორდინაციით, განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა პარასკევს, შვედეთის ქალაქ ბოდენში.

შვედეთს ასევე სურს, უკრაინას მიაწოდოს Hawk და Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის ე.წ. Panzer 122-ები, რომლებიც Leopard 2-ის შვედური ვერსიაა. ტანკები აღჭურვილია ქვემეხით, ორი ტყვიამფრქვევით და ნაღმმტყორცნით. შვედეთს ამ ტიპის სულ 120 ტანკი აქვს. გასულ კვირას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს, შეუერთდნენ გერმანიას უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებაში.

პოლონეთმა უკრაინას უკვე გამოუყო Leopard-ის ტიპის ოთხი ტანკი და მზად არის მეტის სწრაფად მიწოდებისთვის, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ კიევში, 24 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG