Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით, G7-ის წევრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებენ


G7-ის ვირტუალური შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით. 24 თებერვალი, 2023 წელი
G7-ის ვირტუალური შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით. 24 თებერვალი, 2023 წელი

24 თებერვალს, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ფართო სანქციების შესახებ, რომლებიც მიმართულია რუსეთისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენებისკენ მისი უკრაინაში შეჭრის გამო და ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა რუსეთს არ მიეცეს არსებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა.

AFP-ის თანახმად, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ზომები რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ იქნა „დიდი შვიდეულის“ (G7) პარტნიორებსა და მოკავშირეებთან კოორდინაციაში, მაშინ როცა ბრიტანეთმაც გამოაცხადა თავისი სანქციების შესახებ და მოსალოდნელია, რომ ევროპის კავშირიც იმავეს გააკეთებს, თუმცა ბოლო წუთში წინააღმდეგობას წააწყდა პოლონეთის მხრიდან.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, რომლებმაც ვირტუალური სამიტი ჩაატარეს პარასკევს რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად, დააწესეს სანქციების პაკეტები, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის სამხედრო მანქანის მოქმედებას. ვაშინგტონის ბოლოდროინდელი ზომები, რომლებიც მიმართულია ბანკების, სამთო და თავდაცვის მრეწველობისკენ, შეეხება "200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რუსეთისა და მესამე ქვეყნების წარმომადგენლების ჩათვლით ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის საომარ ძალისხმევას", განაცხადა თეთრმა სახლმა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციები ასევე მოიცავს სადამსჯელო ზომებს დაახლოებით 30 კერძო პირისა ან კომპანიის მიმართ, რომლებიც შუამავლობას ეწევიან რუსეთის საომარი ძალისხმევის დაფინანსების საქმეში. აშშ-ის სამიზნეებს შორის არის იტალიელ-შვეიცარიელი ბიზნესმენი, ვალტერ მორეტი, რომელსაც ბრალად ედება რუსეთის საიდუმლო სამსახურებისთვის დასავლური წარმოების ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის მიწოდება. სანქციები კვლავაც შეეხება რუსეთის ფინანსურ სექტორს, მათ შორის მოსკოვის კრედიტბანკს.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი აწესებს ექსპორტის კონტროლს რუსულ და მესამე ქვეყნების დაახლოებით 90 კომპანიაზე, მათ შორის, ჩინეთში, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და რუსეთის თავდაცვის სექტორის მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის, განაცხადა თეთრმა სახლმა.

შესაბამის კომპანიებს აეკრძალებათ "ისეთი მასალის შეძენა, როგორიცაა ნახევარგამტარები, იქნება ეს შეერთებულ შტატებში წარმოებული თუ გარკვეული ამერიკული ტექნოლოგიების ან პროგრამების გამოყენებით საზღვარგარეთ დამზადებული".

ეკონომიკური სანქციების სამიზნეა ასევე რუსეთის ლითონებისა და სამთო სექტორი.

XS
SM
MD
LG