Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაველ ჰერჩინსკი დემარშს გამოუცხადებს საქართველოს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით ოფიციალურ პოზიციას გააცნობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის პოზიციის გადასაცემად პაველ ჰერჩინსკი იუსტიციის სამინისტროში 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში მივიდა.

ადგილზე მყოფი რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, პაველ ჰერჩისკი მედიასთან კომენტარს იუსტიციის სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

პაველ ჰერჩინსკისთან ერთად იუსტიციის სამინისტროში მივიდა შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომიც - შვედეთი ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანაა.

ინფორმაცია ევროკავშირის მოსალოდნელი დემარშის შესახებ თავდაპირველად პოლონურმა რადიოსადგურმა RMF-მა გაავრცელა დღეს, 27 თებერვალს.

მანამდე, გასულ კვირაში, უკრაინული და პოლონური მედია წერდა, რომ უნგრეთი ბლოკავდა ევროკავშირის პროტესტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა გამოეცხადებინათ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამო. ამის შესახებ უკრაინულმა გამოცემა „ევროპეისკა პრავდამ“ პოლონურ რადიოსადგურ RMF-ზე დაყრდნობით დაწერა.

„ევროპეისკა პრავდის" ინფორმაციით, ევროკავშირი გეგმავდა თბილისისთვის დიპლომატიური დემარშის გამოცხადებას და მასში უნდა შესულიყო პოლონეთის წინადადება, სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის შეჩერებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე.

უფრო ადრე, ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო სამკურნალოდ სააკაშვილის მისაღებად. მედიის ცნობით, პოლონეთის წინადადებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გარდა უნგრეთისა, თუმცა, ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლაში დაერწმუნებინათ.

15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.

ევროპარლამენტარები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე.

  • 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
  • ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
  • სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG