Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" მეორე კანონპროექტიც დარეგისტრირდა


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "ხალხის ძალიდან"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "ხალხის ძალიდან"

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" მეორე კანონპროექტიც. მისი ავტორიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი - "ხალხის ძალაა". კანონპროექტის დარეგისტრირებაზე პარლამენტის ბიუროს დღევანდელ, 27 თებერვლის, სხდომაზე იმსჯელეს.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს არის ამერიკული კანონის ქართული ვერსია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ წინა კანონპროექტის მსგავსად, ესეც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, "უცხოური ძალის აგენტებად" ითვლებიან:

  • ის, ვინც "უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის" "ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში";
  • "უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას";
  • მედიასაშუალება, თუ "ფინანსდება ან კონტროლდება უცხოური ძალის მიერ".

ამ კანონპროექტის მიხედვით, "უცხოური ძალაა" უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან პოლიტიკური პარტია, ნებისმიერი პირი ან იურიდიული გაერთიანება, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს.

დოკუმენტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის აგენტად" მოიაზრება, ვალდებული იქნება შესაბამისი სახელის მქონე რეესტრში დარეგისტრირდეს. კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე", - წერია დოკუმენტში.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პირველი, ე.წ. ქართული კანონპროექტი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა. აშშ-მ აღნიშნული კანონის ინიციირება საქართველოს პარლამენტში ღრმა შეშფოთების საფუძვლად მიიჩნია და უარყო მისი ამერიკულ კანონთან მსგავსება. ამის შესახებ 15 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პირველი კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".

XS
SM
MD
LG