Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული "როსნეფტის" ქარხანაში ხანძარი იყო, სავარაუდოდ, დრონების აფეთქების შედეგად


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში ხანძარი გაჩნდა ნავთობის და გაზის კომპანიის, „როსნეფტის" ქარხნის ტერიტორიაზე. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, „შეშფოთების საფუძველი არ არსებობდა“, წუხანდელი ხანძარი ერთ საათში ჩააქრეს, ნავთობის რეზერვუარებს საფრთხე არ შეჰქმნია და არავინ დაშავებულა. ტუაფსეს საქალაქო ადმინისტრაციას ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.

ტელეგრამის მომხმარებლები წუხელ წერდნენ, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ასტრა" ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ორი დრონი აფეთქდა. გამოცემის ინფორმაციით, ამ ობიექტის მახლობლად რუსი სამხედროების ყაზარმა მდებარეობს.

ტელეგრამ-არხი "ბაზაც" იუწყება, რომ ობიექტს შეუტიეს უპილოტო საფრენმა აპარატებმა, რომლებიც ნავთობის საცავიდან 100 მეტრში ჩამოვარდნენ.

კრასნოდარის მხარე ესაზღვრება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს.

27 თებერვალს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ჩამოვარდა სამი უპილოტო საფრენი აპარატი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა და ჩაიმსხვრა ახლომდებარე სახლების ფანჯრები. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ დრონების წარმომავლობას სპეცსამსახურები დაადგენენ. რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება.

XS
SM
MD
LG