Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირების გაერთიანება: დონორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია დასაქმებულთა დასაცავად


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისთვის მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ". გაერთიანების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს.

"პროფკავშირებისთვის უცხოური დონორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და ეფექტური ცნობიერების ამაღლების კამპანიების საწარმოებლად.

გასათვალისწინებელია, რომ ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ამგვარ ინიციატივებს თავად სახელმწიფო უჭერს მხარს. ხაზგასასმელია, რომ სწორედ დონორების მხარდაჭერით განხორციელდა ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში ყველა ეტაპზე და შეიქმნა შრომის კანონმდებლობის აღმასრულებელი ინსტიტუცია შრომის ინსპექციის სამსახურის სახით, რითაც, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა", - წერია განცხადებაში.

პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებს და გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".

XS
SM
MD
LG