ავტორი: ლუკა კერესელიძე
მე ბავშვობიდან მესმოდა 9 აპრილზე, დიდგორზე, გორგასალზე და ერეკლეზე, კუნთებზე, მოგებულ ომებზე, თავის გაწირვაზე, კაცობაზე, ვაჟკაცობაზე, ერთგულებაზე. დროსთან ერთად ყველაფერი ნელ-ნელა გაქრა, ახლა კი ერთადერთი რაც მესმის არის ის, რომ „მშვიდობა“ ჯობია წინააღმდეგობას, ჩმორობა ჯობია რევოლუციონერობას და ხმის ამოღებას, რუსეთი ჯობია ევროპას, რუსებს უფრო ვუყვარვართ ვიდრე ევროპელებს, ერთმორწმუნე რუსები ჯობია სხვა რელიგიის მქონე აღმოსავლეთელებს, ბინის გაქირავება ორმაგ ფასად რუსზე ჯობია ვიდრე გაჭირვებულ სტუდენტზე ოდნავ იაფად და ა.შ.
სად არის ის საქართველო რომელზეც ამდენი წელი ტვინს გვიბურღავდნენ სკოლაში, ოჯახში, ქუჩაში და რაც სულ გვესმოდა რომ ოდესღაც არსებობდა? სად გაქრა ის ხალხი, რომელსაც ეამაყებოდა 9 აპრილს რუსთაველზე დგომა? სად არის ის საზოგადოება რუსზე ოკუპანტის თქმის რომ არ რცხვენოდა და იცოდა ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე? სად არიან ისინი წლების განმავლობაში რომ სხვებს აბრალებდა არაქართულ პოლიტიკას და აქციებს მართავდა დღე და ღამე?
მე გეტყვით სადაც არიან. ისინი იქ არიან სადაც ყოველთვის იყვნენ და სადაც მათი ადგილია. სიბნელეში, გამოქვაბულში, ჭაობში, გაუნათლებლობაში, კორუფციაში, რუსი მოღალატეების კაბინეტებში. ისინი იქ არიან სადაც მათი ავთენტური ადგილია, ისინი იმ ვამპირებს გვანან სინათლის დანახვაზე რომ ყვირილს იწყებენ. ეს ადამიანები სინამდვილეში ყოველთვის იქ იდგნენ სადაც უმრავლესობას ხედავდნენ, მათ არანაირი ღირებულება და სახელმწიფოებრივი ინტერესი არ ქონიათ არასდროს. სწორედ 2012 წლის მერე იპოვეს მათ თავიანთი ადგილი და ეს სრულიადაც არაა გასაკვირი.
და დღეს, როცა ეს წუმპეში მყოფი, რუსული ჩექმის ვნებიანად მლოკველი, დაჩმორებული, დამონებული, გაუნათლებელი, გაუთლელი და ნაყიდი ხალხი ცდილობს სხვას უწოდოს მოღალატე, აგენტი და მრავალი სხვა რამ, ადამიანს გაორება გეწყება და ხვდები, რომ ახალი სამშობლო უნდა ეძიო.
სამშობლო არაა მხოლოდ ტყე, ველები და მდინარეები, სამშობლოს ხალხი ქმნის, და როცა ეს ხალხი მონა, არათავისუფალი, გაყიდული და სიბინძურეში გასვრილია, შენ კი გამოქვაბულიდან გასასვლელი უკვე იპოვე, უბრალოდ უნდა გაიქცე, ოღონდ ერთი გმირივით კი არ მობრუნდე და სხვებსაც ახარო სინათლე, არა, ამას აღარანაირი აზრი არ აქვს, არამედ პირიქით თავად დაიტოვო ეს და ასე ეცადო ბედნიერების პოვნას იქ, სადაც ის გელოდება.