Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ მიეკაროთ...!


ავტორი: მაია სივსივაძე

(ვუძღვნი ჩემს ძვირფას და საყვარელ კლასელებს)

თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბნის შუშაბანდებიან ქუჩაზე, სადაც ყოველ გაზაფხულზე აკაციები ყვავილობდნენ, ჩემი ადრეული ბავშვობის ოთხი წელი გავატარე. სულუხიას ქუჩის მცირე აღმართს რომ აუყვებით, ხელმარცხნივ დღესაც დგას თბილისში საკმაოდ ცნობილი, თუმცა არც ისეთი პრესტიჟული საჯარო სკოლა, რომელსაც ძველი ,,დიდების“ ნიშანწყალი აღარ ამჩნევია. მახსოვს უსახური, ნაცრისფერი, დიდფლიგელიანი შენობა, შესასვლელი რამდენიმე საფეხურიანი კიბით. ცივი და სევდიანი ოთხსართულიანი სკოლა, სადაც ალბათ ჩემსავით უამრავ ბავშვს გამოუვლია ის ქარცეცხლი, რასაც საბჭოთა ეპოქის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გულუხვად გვთავაზობდა.

80-იანი წლების დასაწყისში, სექტემბრის ერთ მზიან დილას, შავ გოფრე ბოლოკაბასა და აბრეშუმის თეთრ ჟაბოებიან პერანგში საგანგებოდ გამოწყობილი, ყვავილებით ხელში სკოლაში მიმიყვანა დედაჩემმა. მალე მასწავლებელს ღიმილით წარუდგინა ჩემი თავი. ეზოში უამრავი ხალხი ტრიალებდა: მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებელი, დირექციის წარმომადგენლები და მათ შორის, ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი მეეზოვე ქურთის ქალი სელვაც, რომელსაც შვილიშვილი პირველ კლასში მოეყვანა. სელვას ფერადი ატლასის ბოლოკაბა და ყურზე ოქროს ბურთები სულ თვალს მტაცებდა, რაღაცნაირად ჩარჩა ჩემს მეხსიერებას. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და გამალებით ვეძებდი ჩემს მომავალ კლასელებს. ინტერესი და მოუთმენლობა, როგორც 6-7 წლის ასაკის ბავშვებს სჩვევიათ, მეც არ მაკლდა, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად გაურკვეველი, ქვეშეცნეული შიშიც მიფორიაქებდა გულს. სკოლის დირექტორი, მაღალ-მაღალი, შევერცხლილთმიანი, შავჩარჩოიან სათვალესა და ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი სიმპათიური კაცი ეზოში მოფუსფუსე ხალხს დაბალი ხმით მიესალმა. მახსოვს, მისი საზეიმოდ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, ეზოში მდგარ ადამიანებს გამოეყო ერთი ხუჭუჭთმიანი მეათეკლასელი, რომელმაც, სავარაუდოდ ჩემსავით სრულიად გამოუცდელი, პირველკლასელი ხელჩაკიდებული კიბეზე აიყვანა. ორივენი დირექტორისა და სკოლის ადმინისტრაციის სხვა წევრების გვერდით დადგნენ. ყმაწვილმა მოულოდნელად ბავშვი ხელში აიტაცა და პატარა რკინის ზარი გადასცა. გაისმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი და დროშაც აიწია, აფრიალდა. პატარა ბიჭუნამ, რომელიც უფროსკლასელის მხარზე ამაყად იჯდა, ზარი ააწკრიალა. ეზოში მდგარი მშობლების უმეტესობა გამალებით უკრავდა ტაშს და ერთმანეთს შაბლონური და გაზეპირებული ფრაზებით სასწავლო წლის დაწყებას ულოცავდა. სწორედ იმ დღეს დასრულდა ჩემი უდარდელი, ლაღი ბავშვობა და დაიწყო ხანგრძლივი, მტანჯველი სასკოლო ეპოპეა.

სკოლის პირველ სართულზე, მზის სინათლით განათებული დიდი საკლასო ოთახი ბავშვებით აივსო. გამიკვირდა, რომ ყველა შავ-თეთრ სამოსში გამოწყობილიყო და ჩემსავით უმრავლესობას ხელში მიხაკების თაიგული ეჭირა, მიხაკი, როგორც საბჭოთა ეპოქის განუყოფელი ატრიბუტი. ამ ყვავილების სუნს ყველგან იგრძნობდით, როგორც სადღესასწაულო, ისე სამგლოვიარო რიტუალებზე. ჩვენ შორის ერთ-ერთი ბიჭუნა გულსაკლავად ტიროდა და გამუდმებით დედასა და სახლს ახსენებდა, კარისკენ იწევდა და გარეთ გასვლას ლამობდა. მის შემხედვარე ერთ გოგონას გული აუჩუყდა და არ ვიცი თანაგრძნობისა თუ საკუთარი თავის შეცოდების მიზეზით, დიდი თაფლისფერი, თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. მე კი თავდახრილი უხერხულობას ვგრძნობდი და არ ვიცოდი რა მექნა, ვცდილობდი ბიჭისთვის თვალი ამერიდებინა. მალე კლასის დამრიგებელი ბიჭუნას მიუახლოვდა და ცივად, მოვალეობის მოხდის მიზნით თავზე ხელი გადაუსვა. ხმადაბლა, თუმცა გასაგონად მკაცრი ტონით წარმოსთქვა: ,,რა გატირებს, სირცხვილია, ბიჭი არა ხარ?! ნუ გეშინია, სკოლაში არავინ დაგტოვებს!“. ბიჭი მეტად ატირდა და ცდილობდა საკლასო ოთახიდან გაქცეულიყო, თუმცა ვერ ახერხებდა, რადგან მასწავლებლის ცივსა და მკაცრ ხელს ჩაებღუჯა მისი ჯერ კიდევ ფაფუკი პატარა მტევანი. თაფლისფერთვალება გოგონა კი გაჩუმდა, თუმცა კვლავ უხმოდ სცვიოდა თვალებიდან ცრემლი. დამრიგებელი მოულოდნელად შეტრიალდა და დაფისკენ გაემართა. მასწავლებლის მაგიდასთან შეჩერდა და ხმამაღლა წარმოსთქვა: ,,დღეიდან მე თქვენი მასწავლებელი ვიქნები, ჩემი სახელია მარგო“. დიახ, მარგო მასწავლებელი, რომელიც ჩემი ბავშვობის გილიოტინად, ეშაფოტად, სახრჩობელად და სატანჯველად იქცა.

სასწავლო წლის პირველმა დღემ ბავშვური ინტერესის მეტ-ნაკლებ დაკმაყოფილებასა და გაკვირვება-გაოცებაში განვლო, რომელსაც მცირედი ღელვა და გაუცნობიერებელი სიხარულიც თან ახლდა. ვაკვირდებოდი საკლასო ოთახს, სადაც ცისფერი კედლები და დაახლოებით 15 ლურჯად შეღებილი ხის მერხი იდგა, გალაქული ხის სკამები, მუქი მწვანე დაფა, რომელსაც გასაშლელი ორი ფრთა ჰქონდა, ცალ მხარეს ქართული ანბანისთვის განკუთვნილი ბადით, ხოლო მეორე მხარეს მათემატიკის უჯრებიანი ხაზებით. კუთხეში იდგა ერთი უსახური ხის კარადა, ფანჯრის რაფები კი თიხის ქოთნებიანი ოთახის მცენარეებით შეემკოთ. კედლებზე ცნობილი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შავ-თეთრი პორტრეტები ეკიდა. განსაკუთრებული ადგილი კი იაკობ გოგებაშვილის ფოტოსურათისთვის მიეჩინა ქალბატონ მარგოს, ხოლო მის თავზე გამოუცდელი მხატვრის მიერ შესრულებული ნახატი ეკიდა, რომელსაც მოზრდილი მხედრული ასოებით მწერლის ცნობილი სიტყვები ,,აი ია“ ეწერა. დაფის თავზე საბჭოეთის ყველა საშუალო სკოლაში მიღებული და მეტად გავრცელებული პლაკატი დაეკიდებინათ, რომელზედაც მერხთან უჩვეულოდ გაჭიმული, დაძაბულ მდგომარეობაში მყოფი მოსწავლე იყო გამოსახული. მასზე მარგო ხშირად გვითითებდა ხოლმე და გვამუნათებდა, თუ ასე არ დასხდებით, კუზი გამოგივათ და მხოლოდ სამარე გაგასწორებთო. პირველივე დღეს ჩემი გონება არა მხოლოდ საკლასო ოთახის აღქმითა და თვალიერებით იყო დაკავებული, არამედ ახლადგაცნობილ კლასელებზე დაკვირვებით. ჩემ გვერდით ერთი ქერა, ცისფერთვალება გოგონა დასვევს, რომელიც მთელი ორი გაკვეთილი გარინდებული იჯდა და ჩემსავით თვალს მადევნებდა. მარგო ხმამაღლა რაღაცას გვიხსნიდა, მგონი გოგებაშვილის დედაენაზე გველაპარაკებოდა, ხელში წიგნი ეჭირა და ფურცლავდა. ბავშვებს ჩუმად, მორიდებით ვადევნებდი თვალს. ერთი, პირველკლასელის პირობაზე უჩვეულოდ დიდი და მოსული ბიჭი, მოკლე შავი შორტით მოეყვანა მშობელს და თათებს მალიმალ უხერხულად ისწორებდა. იქვე ოქროსფერთმიანი, ლამაზად შეკერილ გახამებულ პერანგში გამოწყობილი გოგონა უჩვეულოდ ბოხი ხმით გვერდზე მჯდომს რაღაცას ეჩურჩულებოდა, ალბათ სკოლაში მოსვლამდეც ნაცნობები იყვნენ. ერთ გოგოს კი მაღლა აწეულ გრძელ კიკინაზე თითქმის თავისხელა ბაბთა ეკეთა და თავმომწონედ აქნევდა თავს. უჩვეულოდ თეთრი კანითა და კბილებით გამოირჩეოდა ჩემ წინ მჯდომი ბიჭი, რომელიც წამდაუწუმ ცმუკავდა და ერთი სული ჰქონდა ფეხზე წამომხტარიყო, მაგრამ მარგოს რიდი ან შიში აკავებდა. მეორე გაკვეთილის ბოლოსკენ მოულოდნელად საკლასო ოთახის კარი გაიღო და ახალგაზრდა გოგო კლასში მოცეკვავესავით შემოცქრიალდა, ხელში დიდი ლანგარი ეჭირა, რომელსაც კარგა მოზრდილი მარლა ჰქონდა გადაფარებული. ლანგარი მარგომ ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა. გოგონა ღიმილით გავიდა კლასიდან. მარგომ გამოგვიცხადა, რომ საუზმის დრო მოსულიყო. ყველასთან სათითაოდ ჩამოიარა და ვფიქრობ, საბჭოთა მოსწავლეების უმრავლესობისთვის საყვარელი ,,კორჟიკი“ ჩამოგვირიგა. გემრიელად ვილუკმებოდით, თუმცა დამრიგებელს არ გამოჰპარვია ზოგიერთი ბავშვის მიერ ჭამის დროს დარღვეული ეტიკეტი. მიტრიალდა და ყველასგასაგონად ერთ პირმცინარ ბიჭს თითქმის ყვირილით უთხრა: ,,პირი დახურე, თორემ ბუზი შეგიფრინდებაო!“

მარგო დაახლოებით 50 წლის მარტოხელა გაუთხოვარი ტანმორჩილი ქალი, ყოველთვის ჩაცმის მკაცრი სტილით გამოირჩეოდა. ხშირად ხავედრის ლურჯ კაბაში გამოწყობილს წელზე წვრილი შავი ქამარი ეკეთა. კაბის ბოლომდე საგანგებოდ შეკრულ საყელოზე სპილოს ძვლისაგან დამზადებულ დიდი თეთრი კამეას ბროშს ატარებდა. მაღალძირიანი დახურული ფეხსაცმელი კი მისი ლუქის განუყოფელი ნაწილი იყო, რომლითაც მეტად ოსტატურად წიხლსაც სთავაზობდა ჩემს დაუცველ და უუფლებო კლასელ ბიჭებს. უკან გადაწეულ ვარცხნილობას, რომელიც მუდამ კოსით მთავრდებოდა, მკვეთრი შინდისფერი საღებავით იღებავდა. სახის კანი ფერუმარილის მეტისმეტი გამოყენებისგან დაღარვოდა და ასაკს მატებდა. უჩვეულოდ წვრილი და პატარა ტუჩები სისხლისფერი ტუჩსაცხით დაეფერა. ცხვირი ოდნავ მოხრილი და კეხიანი ჰქონდა, ხოლო წვრილი და სწრაფად მოძრავი თვალები შიშის ზარს მცემდა. მისი წითლად შეღებილი ფრჩხილები კი ჩემი ბავშვობის განსაკუთრებულ კოშმარად იქცა, რადგან ხშირად, დავალებების შესამოწმებლად ჩამოვლისას, თუკი რომელიმე მოსწავლეს შეცდომას აღმოგვიჩენდა, ხის მოკლე სახაზავს ხელებში გვირტყამდა, რაც ორმაგად მტკივნეული იყო. პირველი იმიტომ, რომ ხმას ვერ ვიღებდით, რადგან მეტი მოგვხვდებოდა, მეორე კი - ბავშვებს ერთმანეთისა გვრცხვენოდა. სწორედ ამ ფიზიკური ანგარიშსწორების დროს არაერთხელ მინახავს მისი სისხლისფერი ფრჩხილები, რომლებითაც არც თუ ისე იშვიათად თმებიც დაუწიწკნია ბავშვებისათვის. მახსოვს დღე, როდესაც ჩემი კლასელი მოცეკვავე ბიჭი სასტიკად გამოლანძღა თმის გრძელი ვარცხნილობის გამო. უჩიჩინებდა, შეიჭერი, თორემ მე გადაგპარსავო! ერთ დღეს მათემატიკის გაკვეთილზე, როდესაც ბიჭი დაფასთან გაიძახა და მისგან შესაბამისი პასუხი ვერ მიიღო, თმებში ჩააფრინდა და თავი რამდენჯერმე დაფაზე მიარტყმევინა. კლასი გარინდებული შესცქეროდა ბიჭუნას, რომელიც გაფართოებული თვალებით უმზერდა მოძალადე მასწავლებელს და უცოდველ სახეს სიმწრის ცრემლი უფარავდა. ვინ იცის, ჩვენგან შველას ითხოვდა, თუმცა ხმის ამომღები არავინ იყო. სახლში დაბრუნებული ჩუმად გულში ღმერთს ვევედრებოდი: მარგო დავარდეს და ფეხი მოიტეხოს, ან ქუჩაში მანქანა დაეჯახოს, ან სულაც მოკვდეს და თავი დაგვანებოს-მეთქი! მაგრამ ჩემი ბავშვური ვედრება ოთხი წლის განმავლობაში არა და არ შეისმინა მამაზეციერმა. დაზარალებული ბიჭის დედა კი მეორე დღესვე მოვარდა სკოლაში. პირველი გაკვეთილის დასრულებისთანავე საკლასო ოთახის კარი თითქმის შემოგლიჯა და შვილის დასჯის ფორმით აღშფოთებული გაჰკიოდა: ,,მე შენ გიჩვენებ სეირს, როგორ უნდა ბავშვის დაჩაგვრაო!“ და მარგოს მაგიდაზე საკუთარი შვილის ერთი მუჭა თმა დაუყარა. აღმოჩნდა, რომ მასწავლებლის ძალადობისას ბიჭს თმა თავის კანიდან ძირებიანად მოსძვრა და სახლში მისულს დედამ შეამჩნია. არ ვიცი ამ ამბავს რა გაგრძელება მოჰყვა, აგებინეს თუ არა პასუხი მარგოს შეუწყნარებელი საქციელის გამო, თუმცა უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ მისგან კიდევ ბევრი ტკივილი და დამცირება გამოვიარეთ.

ერთ დღეს, როდესაც ჩემს კლასელს, გამხდარ და ფერმკრთალ ბიჭუნას გაკვეთილი მამის ავადმყოფობის გამო ვერ მოემზადებინა, ქართულის წიგნი თავზე გადაახია, ერთი-ორი წიხლიც უთავაზა და სნეული მამაც უხეშად უხსენა. გოგონა, რომელიც კლასში შესანიშნავი აღნაგობითა და სპორტის ერთ-ერთ სახეობაში მიღწევებით გამოირჩეოდა, ინფექციური დაავადებით ავად გახდა. საგაკვეთილო პროცესს ორი კვირის განმავლობაში მოწყდა და ეს პერიოდი საავადმყოფოს საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა. სკოლაში დაბრუნების შემდეგ მარგო ამრეზით უყურებდა. ერთ მშვენიერ დღეს ისიც კი იკადრა და გაგვაფრთხილა: ,,არ მიეკაროთ, რადგან ბინძურია, ხელებს არ იბანს და ამიტომ დაავადდაო!“. მოგვიანებით როდესაც დიკენსის ,,დავიდ კოპერფილდი“ წავიკითხე, მყისვე მარგოს პირიდან წარმოთქმული ეს სიტყვები გამახსენდა და მაშინ კი გულიანად ვიტირე, ალბათ მთელი ჩემი კლასის დასაღვრელი ცრემლი დავღვარე. ეს ტკივილი, თუ ბავშვობის ტრავმა მუდმივად თავს მახსენებდა. ჩვენ გაოცებულები ვუსმენდით ამ ურჩხულივით დაუნდობელ რკინის ქალს და დარწმუნებული ვარ, გულში ყველას გვძულდა, გვეჯავრებოდა იმის გამო, რომ გვიშლიდა მეგობრობას, ურთიერთობას, თანაგრძნობას სუსტის მიმართ. ჩემი ბავშვური აზრებით, სულ ვფიქრობდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ნეტავ როგორი დედა ჰყავს მარგოს? ან როგორი სახლი აქვს? ვინ არის მისი მეგობარი? ქმარი რატომ არ ჰყავს? როგორი შვილი ეყოლებოდა? ზუსტად ისე მოექცეოდა, როგორც ჩვენ გვექცევა, თუ უფრო მოსიყვარულე და ლმობიერი იქნებოდა მასთან? - აი, ასეთ აბსურდულ ფიქრებში ვატარებდი დროს მაშინ, როცა სიხარულის და ბედნიერების განცდა უნდა მოეტანა სკოლის ყოველ დღეს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის.

მახსოვს მარგომ ჯარისკაცებივით დამწკრივებულები როგორ წაგვიყვანა ბორის ძნელაძის სახელობის კომკავშირულ ქალაქში პიონერთა რიგებში მისაღებად. ქარიანი ცივი დღე იყო. ჩვენი სკოლის პიონერხელმძღვანელთან ერთად დიდი მონდომებით შეგვაბა ყველას წითელი ყელსახვევი. დაგვმოძღვრა და ბოლოს ცნობილი პიონერული მისალმებით დაგვასრულებინა ცერემონიალი. მახსოვს ისიც, მარგო როგორი ცივი მზერით უყურებდა მხატვარი ბიჭუნას დათო კრაწაშვილის ნამუშევრებს, რომლებიც კომკავშირული ქალაქის საგამოფენო სივრცეში იყო ექსპონირებული. ჩვენ კი ინტერესით სავსე თვალებით ვუმზერდით უდროოდ წასული პატარა, თუმცა ნიჭიერი მხატვრის ნამუშევრებს. მარგოს პიონერთა რიგებში მიღების შემდეგ, არაერთხელ გაულანძღავს მოსწავლეები წითელი ყელსახვევის დავიწყების გამო. ზიზღით გაჰყვიროდა: ,,რატომ თავი არ დაგრჩათ სახლშიო?!“ ყოველი დილა შიშით, გაყინული ხელებით, აჩქარებული გულისცემით, ავის მოლოდინით იწყებოდა, ყოველი საღამო კი მარგოს გარდაცვალებაზე ფიქრით სრულდებოდა. იყო მცირე გამონათებებიც, როცა ჩვენი ჩაგვრისა და ყვირილისაგან თავს იკავებდა, ორსახოვანი იანუსივით იცვლებოდა და როგორც ღირსეულ პედაგოგს ისე წარმოაჩენდა საკუთარ მეს. ეს ძირითადად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხდებოდა, სადაც წასვლა ყველა ბავშვს გვიხაროდა. ეს იყო კინოთეატრ ,,ნაკადულში“, მოზარდმაყურებელთა თეატრში, თოჯინების თეატრსა და სხვადასხა კულტურულ დაწესებულებებში. ერთხელ გამოგვიცხადა, რომ სტამბაში წაგვიყვანდა და წინასწარ დაგვმოძღვრა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რომ წყვილებში უნდა გვევლო, უხმოდ და ულაპარაკოდ, კითხვები არ უნდა დაგვესვა და ხელი არაფრისთვის გვეხლო. სტამბაში ერთ-ერთმა ჩემმა კლასელმა კითხვა დასვა: გაზეთებს ხომ ხისაგან ამზადებენ და ამდენ მცენარეს ანადგურებენ, რა საჭიროა ამდენი გაზეთიო? მარგომ სულ თვალები უბრიალა და მეორე დღესვე მისი მშობელი დაიბარა. არ ვიცი რა უთხრა, თუმცა ის კი ვიცი, რომ ამ ამბავმა უკვალოდ არ ჩაიარა, რადგან მომდევნო წელს ის ბიჭი თვალით აღარავის გვინახავს. მახსოვს, ამ გულქვა, დაუნდობელი, უემოციო ქალის გამო გაკვეთილის განმავლობაში როგორც უნდა მოგვდომებოდა საპირფარეშოთი სარგებლობა, შიშით ვერ ვიტყოდით, რადგან ამ თხოვნას დიდი ლანძღვა და დამცირება მოჰყვებოდა. სწორედ ამ შიშისა და მოთმინების გამო, ბუნების გაკვეთილზე ჩემ წინ მჯდომმა ბიჭუნამ საკლასო ოთახიდან გასვლა ვერ მოითხოვა და სკამზე მჯდომმა ჩაიფსა. მის მერხთან დამდგარი გუბის გამო მარგო აღშფოთდა და ყვირილით გულები დაგვიხეთქა. ამის შემყურე მეტად გამბედავ გოგოს მოთმინების ფიალა აევსო და ფეხზე წამოვარდა. ხმამაღლა, თითქმის ყვირილით, ისეთი თავდაჯერებულობითა და სიმტკიცით წარმოსთქვა: ,,დასვენებაზე წყალი დამექცა, თქვენ რა იფიქრეთო?!“, რომ ჩვენთან ერთად, მგონი მარგოსაც დააჯერა თავისი ნათქვამი. ამ რკინის ქალისთვის სალანძღავი სიტყვები და დამამცირებელი ფრაზები ისეთივე ბუნებრივი და ორგანული იყო, როგორც კომუნისტური ეპოქისთვის ადამიანთა დაბეზღება, უმიზეზოდ დაჭერა, გადასახლება, ფორმალიზმში ბრალის დადება, სამსახურიდან გაშვება და ხალხის მტრობაში დადანაშაულება.

90-იან წლებში ცოტა რომ წამოვიზარდე და ბავშვობა, გავლილი წლები გავაანალიზე, დედაჩემს სულ ვსაყვედურობდი: ხომ იცოდი, რომ ამ ძალადობის, ზეწოლის, დამცირების მსხვერპლი ვიყავი, რატომ ხმა არ აიმაღლე, არ გადამიყვანე სხვა სკოლაში ან თუნდაც სხვა კლასში-მეთქი? ბევრჯერ მითქვამს და სულ გული სწყდებოდა, თითქოს თავს იმართლებდა: მე მომთხოვნი და კარგი მასწავლებელი მინდოდა გყოლოდა და თურმე შევცდიო. ამ მოგონების წერა წლების განმავლობაში დაგროვილმა და ზღვასავით აზვირთებულმა უსამართლობამ დამაწყებინა. იმედი მაქვს, დახმარების ხელს გავუწვდი და მეტად გამბედავს, წინააღმდეგობრივს, თუნდაც მეამბოხეს გავხდი ყველა ბავშვს, ვინც თვლის, რომ დაუმსახურებლად ისჯება, რომ მართალია და იმსახურებს ბედნიერებას. ბევრი მშობელი უკეთესად მოუსმენს საკუთარ შვილს, არც ერთ მის მონაყოლს, თხოვნას ყურადღების მიღმა არ დატოვებს და გაითვალისწინებს ერთი შეხედვით ბავშვურ ,,კაპრიზებს“. ბავშვობა უნდა იყოს ის ბედნიერი ხანა, როდესაც სამყარო მართლა შენი იქნება და დიდ, უსაზღვრო და უკიდეგანო ყურადღებას, სითბოსა და სიყვარულს გაჩუქებს და რაც მთავარია, - შესაძლებლობას იყო ნამდვილი ბავშვი და გქონდეს კითხვების დასმისა და შეცდომების დაშვების უფლება!

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, კიდევ ორი სკოლა გამოვიცვალე. იყვნენ ღირსეული, სათნო და მზრუნველი მასწავლებლებიც, რომლებმაც სკოლისადმი რწმენა და ნდობა დამიბრუნეს. განსაკუთრებით მეცხრე კლასში, როდესაც ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნის რთულ ისტორიულ ეტაპს დაემთხვა და ირგვლივ ყველაფერი სიბნელესა და სიცივეს მოეცვა, თითქოს მხსნელად, მეგობრად, სულის მესაიდუმლედ გამომიჩნდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა, 60 წელს მიღწეული სანდომიანი გამომეტყველების ყოველთვის სადად და კოხტად ჩაცმული ქალი. იმ რთულ წლებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეფიციტი, ტალონებზე გაყიდული პროდუქტები, პურის საყიდლად დილიდან დაღამებამდე გაჭიმული უზარმაზარი რიგები და სამოქალაქო ომგადატანილი დანგრეული შენობები კიდევ უფრო გვიმძაფრებდა უიმედობას, ბავშვებისადმი თანადგომითა და მზრუნველობით გამორჩეული ინგა იმედის ნაპერწკალს ანთებდა ჩემს გულში. თავისივე მწირი შემოსავლით ნაყიდი მწვანე ნავთქურით ათბობდა ჩვენს გათოშილ ხელებს. ნავთქურით, რომელზედაც ჩინური გრავიურით მოხატული მომცრო ჩაიდნით წყალს გვიდუღებდა და თავისი ხელით დამზადებულ უგემრიელეს შინდის მურაბას ჩაისთან ერთად გვთავაზობდა. ინგა, რომელმაც ქართული ლიტერატურის ღრმა, მდიდარი და მრავალფეროვანი სამყაროს კარი გამიხსნა, თვალი ამიხილა და რაც მთავარია, შემაყვარა მშობლიური მწერლობა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG