Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნის


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მუშაობს ახალ "თავდაცვის კოდექსზე", რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს ყველა წვევამდელს, მათ შორის იქნებიან სტუდენტებიც, ვინც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა. დეტალებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

როგორ მოხდება სტუდენტების გაწვევა

"დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი, როგორც გადავადების საფუძველი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

სამინისტრო სტუდენტებს სხვა წვევამდელებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის დროს განსხვავებულ პირობებს შესთავაზებს.

ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და სტუდენტების შერჩევა მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

"ეს იმ შემთხვევაში, თუ მე 7 ათასი ადამიანი უნდა გავიწვიო მიმდინარე წელს და სხვა არასტუდენტი ადამიანი შევაგროვე 6500, მე მჭირდება უკვე 500 სტუდენტით შევავსო. შერჩევის პრინციპით, პირველი ხუთასი ვინც იქნება, მათ შევთავაზებთ ოპციებს", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი ან სწავლასთან ერთად 4-წლიანი პროგრამა.

"[4-წლიანი პროგრამა] ეს გულისხმობს, რომ 4 წლის განმავლობაში, ყოველ წელიწადს, წელიწადში ერთხელ არდადეგების ხარჯზე მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა, შეკრება და 4 წლის თავზე, როდესაც ისინი დიპლომს აიღებენ, ჩაირიცხებიან რეზერვში. ეს პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები შეიძენენ მინიმალურ და აუცილებელ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს."

ახალი თავდაცვის კოდექსის შესახებ ისაუბრეს 27 თებერვალს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. კანონპროექტით განახლებული კოდექსის ამოქმედება 2025 წლიდან იგეგმება.

განახლებული კანონით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის გაწვეული წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში იმსახურებენ და არ მოუწევთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში მუშაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG