Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი მღვდელი ჯარს გვერდს აუვლის, სხვები ვერა - რა წერია თავდაცვის ახალ კოდექსში


საილუსტრაციო ფოტო: სამხედრო აღლუმი თბილისში, 26 მაისი, 2010 წ.
საილუსტრაციო ფოტო: სამხედრო აღლუმი თბილისში, 26 მაისი, 2010 წ.

თავდაცვის ახალი კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირებს მართლმადიდებელი ეკლესიიდან კვლავ შეეძლებათ ისარგებლონ უფლებით, არ გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრებს ეს უფლება არ ექნებათ.

ისინი ვალდებულები იქნებიან, სამხედრო სამსახურზე უარის შემთხვევაში ალტერნატიულ შრომას დათანხმდნენ.

2022 წლის დეკემბერში მთავრობამ გამოაცხადა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმას აპირებს. კანონპროექტის შეცვლის მოტივი იმ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა გახდა, რომელიც პარტია "გირჩმა" გამოიყენა. კანონი რელიგიური ორგანიზაციების წევრებს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შესაძლებლობას აძლევდა. 2017 წელს ოპოზიციური პარტიის მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ათასობით ახალგაზრდას მისცა საშუალება, არ მოეხადათ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

როგორია დღეს მოქმედი კანონმდებლობა?

  • დღევანდელი კანონმდებლობით,"მღვდელთმსახურს ან სასულიერო სასწავლებლის სტუდენტს" შეუძლია სავალდებულო სამსახური არ გაიაროს (ფორმალურად, გადავადების გზით).

რა შეიცვლება?

  • "თავდაცვის კოდექსის" პროექტით, მღვდელმსახურის სტატუსი სამხედრო სამსახურის მოხდის გადავადების საფუძვლად აღარ გამოდგება;
  • თუკი აქამდე სასულიერო პირები სამხედრო ვალდებულებისგან სრულად თავისუფლდებოდნენ, ახალი ცვლილებებით, მათ შეეძლებათ ეს ვალდებულება ალტერნატიული შრომითი სამსახურით მოიხადონ.

რა არ იცვლება?

  • მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირს შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-4 მუხლით და სხვებისგან განსხვავებით გათავისუფლდეს სავალდებულო სამსახურიდან.

ჩააყენებს თუ არა სახელმწიფო ამ მიდგომით არადომინანტურ რელიგიურ უმცირესობებს უთანასწორო მდგომარეობაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით?

"თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გვითხრეს, რომ შეიძლება ეს კანონი დისკრიმინაციულად გამოიყურებოდეს, მაგრამ პრაქტიკა გვაქვს ძალიან სამართლიანიო. გვაჩვენეს სტატისტიკა, რომ აქამდე არცერთ სასულიერო პირს მართლმადიდებელი ეკლესიიდან საკონსტიტუციო შეთანხმებით მინიჭებული უფლება არ გამოუყენებიაო, მაგრამ მაშინ სხვა კანონი არსებობდა… რადგან კანონით ვალდებული გახდება, მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა ალტერნატიული სამსახურით ისარგებლოს და გადავადების საშუალება არ ექნება, აუცილებლად გააქტიურდება საკონსტიტუციო შეთანხმება. აქამდე არ გააქტიურებულა, რადგან არ სჭირდებოდათ", - ამბობს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.

სანამ სავალდებულო სამსახურის გადავადება შეიძლებოდა, რელიგიური ორგანიზაციები, მათ შორის პოლიტიკური პარტიის მიერ დაარსებული ეკლესიაც კი, თანასწორ პირობებში იყვნენ. კანონი ყველას თანაბრად რთავდა ნებას, არ წასულიყო ჯარში.

"ახალი ცვლილებებით, ჯარში წასვლის ნაცვლად, ალტერნატიული სამსახურის გავლა მოუწევთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ხოლო ამ ალტერნატიულის ვალდებულება მართლმადიდებელ ეკლესიას სამართლებრივად არ შეეხება. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივი მოცემულობა ახლა უკვე უთანასწორო იქნება”, - ეუბნება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) იურისტი საბა ელიზბარაშვილი რადიო თავისუფლებას.

როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ისაუბრა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ რელიგიური მრწამსის მოტივაციით ჯარისთვის თავის არიდება 12 000-მა ადამიანმა მოახერხა, მათგან 11 000-მა "გირჩის" რელიგიური ორგანიზაციის გაცემული მღვდელმსახურების მოწმობით.

"გირჩში" ამბობენ, რომ სინამდვილეში 5-ჯერ მეტ, თითქმის 50 000 წვევამდელს დაეხმარნენ, მათგან რამდენიმე ათასს - მეორედაც.

ახლა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური - 1 წელი და 6 თვე გრძელდება. 2025 წლიდან ხანგრძლივობა 1 წლამდე შემცირდება.

პარალელურად "გირჩი" ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ახალი კოდექსიდან სავალდებულო ნაწილის ამოღებას ითვალისწინებს.

"ის ხალხი, ვინც წავა ჯარში, წავიდეს ნებაყოფლობით, ანაზღაურების ან სხვა ბენეფიტების სანაცვლოდ, მაგრამ ნებაყოფლობით. პროფესიულ ჯარში ხომ არ მიგვყავს ხალხი იძულებით, იქ კონტრაქტს აფორმებენ, იციან რისკების შესახებ, მაგრამ მაინც ირჩევენ ამ პროფესიას. ანალოგიურად გვინდა, რომ ანაზღაურებადი იყოს ესეც, გინდ 6-თვიანი მომზადება იყოს და გინდ 1-წლიანი", - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი რადიო თავისუფლებასთან.

კიდევ რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

26 წლის გიორგიმ სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი სწავლის მიზეზით აარიდა. სკოლაში 7 წლის შეიყვანეს, ამიტომ პირველი მოწვევა 18 წლის ასაკში მიიღო, როცა ისევ მოსწავლე იყო. მეორედ მოწვევა 23 წლის ასაკში მოუვიდა, თუმცა მაგისტრატურაზე ჰქონდა ჩაბარებული და ჯარისთვის თავის არიდება მოახერხა. ამბობს, რომ მაგისტრატურაზე ჩაბარების შემდეგ, სტატუსი მალევე შეიჩერა, რადგან არჩეული პროფესია არც არასდროს აინტერესებდა.

"არ მინდოდა, რომელიმე სტრატეგიულ ობიექტზე ვყოფილიყავი დარაჯი, ყარაული. ასევე, ჯარს არ აქვს დაფასება. თავდაცვა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ წვევამდელს 18 წლის შესრულების შემდეგ უნდა სიამოვნებდეს ჯარში წასვლა. მე მაგალითად დამაინტერესებდა ყაზარმული, ოღონდ სრული დატვირთვით, რომელსაც საველე წვრთნებთან ერთად გადიხარ, რამდენიმე საგანსაც სწავლობ, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის", - ამბობს ის.

ცვლილებები შეეხება სტუდენტებსაც. 23 წლამდე ასაკის სტუდენტებს, რომლებიც ჯარის გავლას სტუდენტობის პერიოდში გადაწყვეტენ, სამხედრო ბაზებზე, 4 წლის განმავლობაში წელიწადში ერთთვიანი პრაქტიკული კურსის გავლას სთავაზობენ.

შედეგად, 4 წლის თავზე 108-დღიანი აქტივობით სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ და მიენიჭებათ რიგითის წოდება.

22 წლის ნიკა თოთლაძე საქართველოს უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის მე-4 კურსის სტუდენტია. მას ჯარში ჯერ არ უმსახურია და არც აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი. ამბობს, რომ ეს სწავლაში ხელს შეუშლის, რადგან სახელმწიფო მათ გამოსადეგ გადამზადებას არ სთავაზობს.

"სურვილი საერთოდ არ მაქვს, მაგრამ დასაქმება რომ არ გამიჭირდეს, მომიწევს. თუ უკეთეს რამეს შექმნიან და უკეთესი გადამზადება იქნება, გამიხარდება. როცა დაცვაში ვმსახურობ, გამოდის, რომ არანაირი გამოცდილება არ მრჩება. სტუდენტების უმრავლესობას კი მუშაობით გააქვს თავი და ხელის შეშლა იქნება ეს სწავლაში. არ არის ისეთი გადამზადება, რომ მერე გამოგვადგეს, არც ომში გამოგადგება და არც არსად. უბრალოდ დგახარ და იცავ რაღაც ობიექტს. ჩემი აზრით, ეს არის შესაცვლელი და გამოსასწორებელი კარგად", - ამბობს ნიკა თოთლაძე.

სამხედრო სამსახურის გადავადება ითვალისწინებს ჯარიმებსაც. მაგალითად, 4 წლის შემდეგ 1 წლით გადავადება 2000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი ხდება. გადავადება მხოლოდ ერთხელ შეიძლება.

ჯარის ახალი რეფორმა ბიუჯეტს 80 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ კვირიდან "თავდაცვის კოდექსის" პროექტის საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს. კანონპროექტის მიღება საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტის ინიციატორებსა და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღონ ცვლილებები აღნიშნული ფორმით და სხვა საკანონმდებლო გზებზე მრავალმხრივი მსჯელობის გაგრძელებას ურჩევენ.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG