რუსეთში, ტულის ოლქში დააპატიმრეს ალექსეი მოსკალიოვი, რომლის ქალიშვილმაც გასული წლის გაზაფხულზე სკოლაში, გაკვეთილზე ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა. ამის შესახებ იუწყება უფლებადამცველი მარინა ლიტვინოვიჩი. მისი თქმით, მოსკალიოვის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ოჯახიდან წაიღეს მთელი ფული. მოსკალიოვი შვილს მარტო ზრდის.
გამოცემა "სპექტრი" წერს, რომ მამის დაპატიმრების შემდეგ გოგონა სახლში მარტო დარჩა. გარდა ამისა, ჟურნალისტების ინფორმაციით, პოლიციელებმა მიაკითხეს მოხალისეს, რომელიც მოსკალიოვების ოჯახს ეხმარება - მისი სახლის გაჩხრეკაც სურდათ, თუმცა ჩხრეკა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. მოხალისის სახლის ჩხრეკის საფუძველი უცნობია.
თებერვალში "სპექტრი" და "ოვდ-ინფო" იუწყებოდნენ, რომ გასული წლის ბოლოს მოსკალიოვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ე.წ. რუსეთის არმიის დისკრედიტაციის მუხლით - სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკებში" გამოქვეყნებული პოსტის გამო. მოსკალიოვი პოლიციის თვალსაწიერში მოხვდა მას მერე, რაც თავისი შვილის ნახატის გამო სკოლაში გამოიძახეს. გოგონამ დახატა ქალი, რომელიც უკრაინის დროშასთან დგას და ბავშვს სხეულით იცავს რაკეტებისგან, რომლებიც რუსეთის მხრიდან მოფრინავს. ხატვის მასწავლებელმა ნახატის შესახებ სკოლის დირექტორს აცნობა.
მეორე დღეს მეექვსეკლასელი გოგონა სკოლაში მამასთან ერთად მივიდა, სკოლაში მივიდნენ ასევე მეურვეობის სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები. მამა-შვილი წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც მოსკალიოვზე შეადგინეს პროტოკოლი რუსეთის არმიის ე.წ. დისკრედიტაციის შესახებ - "ოდნოკლასნიკებში" გამოქვეყნებულ ვიდეოზე დატოვებული კომენტარის გამო. სასამართლომ მოსკალიოვი დააჯარიმა 32 ათასი რუბლით (დაახლოებით 425 ამერიკული დოლარით).
ამის შემდეგ მოსკალიოვს "ეფესბეს" წარმომადგენლები გაესაუბრნენ - მისი თქმით, უთხრეს, რომ შვილს არასწორად ზრდის და დაემუქრნენ ბავშვის ჩამორთმევით და პატიმრობით.
დეკემბრის ბოლოს მოსკალიოვს სახლში მიაკითხეს, სახლი გაჩხრიკეს და იგი წაიყვანეს "ეფესბეს" განყოფილებაში, სადაც სცემეს. მოსკალიოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ანტისაომარი პოსტის გამო. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჟურნალისტები წერდნენ, რომ საქმის აღძვრის შემდეგ მოსკალიოვმა და მისმა შვილმა დატოვეს თავიანთი ქალაქი, ეფრემოვი. უცნობია, რა მიზეზით დაბრუნდა მამა-შვილი სახლში. მოსკალიოვი შიშობდა, რომ თუ მას დააპატიმრებენ, გოგონა ბავშვთა სახლში აღმოჩნდებოდა, რადგან ნათესავები არ წაიყვანდნენ.