Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ იყო მარტივი საუბარი - ევროკავშირის ელჩი „გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე პარლამენტის სპიკერს შეხვდა


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან 19 ელჩის თანდასწრებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას უთხრა, რომ ეს არ იყო მარტივი შეხვედრა. პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ წევრთან ევროკავშირის ელჩების შეხვედრის თემა ე.წ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი იყო.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შეხვედრაზე პარლამენტის სპიკერს მიაწოდეს გზავნილი, რომ ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს. ამასთან მისგან მოისმინეს არგუმენტებიც.

შეხვედრა მქონდა პარლამენტის სპიკერთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ წარმომადგენელთან. ჩავედით სიღრმეებში. ეს არ იყო მარტივი საუბარი, ჩვენი მხრიდან ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებს და კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სულ მცირე 12 პუნქტიდან 2-ს, რომლებიც საქართველოს გასული წლის ივნისში გადაეცა. სპიკერის მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტები საქართველოში ამ კანონის მიღების საჭიროებასთან დაკავშირებით. საუბარი გაგრძელდება... ჩვენი მხრიდან ძალიან ახლოდან დავაკვირდებით, როგორ შესრულება ეს ინიციატივა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ინიციატივა არ იქცევა კანონად“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედია არის დემოკრატიის ხერხემალი და ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ ჰქონდეს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია, რომელსაც ექნება შეუზღუდავი მოქმედების შესაძლებლობა.

„ევროკავშირი ყოველთვის მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ფრონტზე. ჩვენ, რასაკვირველია, ძლიერ ვუჭრეთ მხარს სიტყვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას და ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ, რომ ეს კანონი თუ აღსრულდება და დამტკიცდება, უარყოფითი შედეგი ექნება სამოქალაქო საზოგადოებაზე მთლიანობაში, არასამთავრო ორგანიზაციებსა და მედიის თავისუფლებაზე. ჩვენ ვართ რეფლექსიის ადრეულ საფეხურზე, რეფლექსია, რომელიც ხდება აქ საქართველოს პარლამენტში და ჩვენ, როგორც ევროკავშირს, ძალიან გვინდა ამ ადრეულ საფეხურზე გავცეთ ძლიერი სიგნალი ჩვენი პოზიციის, ჩვენი შეშფოთების თაობაზე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, მიიღეს თუ არა რაიმე დაპირება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ევროკავშირის ელჩმა უპასუხა, რომ მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს. ამასთან, კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს კანონპროექტმა მისი კანონად ქცევის შემთხვევაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ გადაწყვეტილებებს იღებს 27 წევრი სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

"ამდენად მე არ შემიძლია ვთქვა, როგორ ასახვას პოვებს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. რაც შემიძლია ვთქვა, ეს ინიციატივა შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და პრინციპებთან. ეს არის ზუსტად ის გზავნილი, რაც გადავეცით თავმჯდომარეს“, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დიდი დრო დაუთმეს გამჭვირვალობის საკითხს, ამასთან, ჰქონდათ "საუბარი მათ შორის იმ წუხილზე, რომელზეც ღიად არის გამოთქმული, რომ არ მოხდეს ისეთი მოწესრიგება, რამაც შეიძლება, გარკვეული ჩრდილი მიაყენოს ამა თუ იმ აქტორებს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, პირდაპირი თარგმანია ამერიკული კანონისა „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“.

აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა, მისი მოქმედების არეალი დავიწროვდა და ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს შეეხება.

საქართველოს პრეზიდენტმა პროექტზე, რომელსაც რუსულ კანონპროექტს უწოდებენ, განაცხადა: „კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი".

საპარლამენტო უმრავლესობას ("ქართულ ოცნებას" და "ხალხის ძალას") პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG