Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმზე ღამით უკრაინული დრონების მასირებული შეტევა აღიკვეთა - იუწყება რუსეთის სამხედრო


იალტა ღამით, საილუსტრაციო ფოტო
იალტა ღამით, საილუსტრაციო ფოტო

1 მარტის ღამეს ყირიმზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების მხრიდან მასიური თავდასხმა განხორციელდა, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 6 უკრაინული დრონი.

ამასთან, რუსეთის მხარე არ ამბობს, სულ რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი მონაწილეობდა „კიევის მხრიდან განხორციელებულ მასირებულ იერიშში“. სამაგიეროდ, რუსეთის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ მსხვერპლს და ნგრევას ადგილი არ ჰქონია.

ტელეგრამის არხ „ყირიმის ქარის“ ცნობით, ყირიმში, ნახევარკუნძულის სხვადასხვა რაიონში, 1 მარტის ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა. პრორუსმა ბლოგერმა ალექსანდრ ტალიპოვმაც დაწერა, რომ ადგილი ჰქონდა უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმას. ოკუპირებული ყირიმის ხელისუფლება საავიაციო თავდასხმის შესახებ არაფერს ამბობს.

2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული ყირიმსა და სევასტოპოლში თითქმის ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმები. რუსეთის ხელისუფლება ამას "უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების" იერიშებითა და რუსეთის "საჰაერო თავდაცვის მუშაობით" ხსნის.

ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა უკრაინის უპილოტო თვითმფრინავებს ყირიმის "მთავარი საფრთხე" უწოდა.

2014 წელს, კიევში პროდასავლური „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც ქვეყნიდან გააძევეს კრემლის მეგობარი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსია მოახდინა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ როდესაც უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს, გამოსწორდება ყველაფერი, რაც „ნახევარკუნძულზე ოკუპანტებმა ჩაიდინეს“ და აღდგება სამართლიანობა, რისთვისაც მოწოდებულია „ყირიმის პლატფორმა“.

XS
SM
MD
LG