Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვის თქმით, ბრიანსკის ოლქში მომხდარი "განხილულ იქნება", ფსბ-მ დამონტაჟებული ვიდეო გამოაქვეყნა


რუსეთ-უკრაინის საზღვარი
რუსეთ-უკრაინის საზღვარი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს უშიშროების საბჭოს წევრებთან ოპერატიული თათბირი ჩაატარა. ეს დაადასტურა მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. თათბირზე, როგორც მოსალოდნელია, განიხილავენ 2 მარტს ბრიანსკის ოლქში მომხდარ მოვლენებს. იქ ორი სოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო შეიარაღებული რაზმების კონტროლქვეშ, რომლებმაც რუსეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს. პუტინმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

როგორც პესკოვმა თქვა, მომხდარს „განიხილავენ“ და „მიღებულ იქნება ზომები, რათა მომავალში ასეთი რამ არ მოხდეს“.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბრიანსკის ოლქში თავდასხმა განახორციელა ორმა უკრაინულმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა. თუმცა ლიუბეჩანესა და სუშანიში რეიდისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ე.წ. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“. ეს არიან ფორმირებები, რომლებშიც გაერთიანებული არიან ულტრამემარჯვენე შეხედულებების რუსი ემიგრანტები, ისინი უკრაინის მხარეს იბრძვიან.

ამასთან, უკრაინის წარმომადგენლები უარყოფენ, რომ კიევს რაიმე აკავშირებს ბრიანსკის ოლქის მოვლენებთან. „პარტიზანები, რომლებიც უტევენ დასახლებულ პუნქტებს - ყოველივე ეს პირდაპირი შედეგია რუსეთში კონტროლისა და ყველაფერი ეს არის ომის შედეგი. უკრაინას რუსეთის ფედერაციის შიდა კონფლიქტებთან არაფერი აქვს საერთო“, - დაწერა ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

პარასკევს რუსეთის ფსბ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, როგორც ამტკიცებენ, აღბეჭდილია ორი მსუბუქი ავტომანქანა, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს სავარაუდო დივერსანტებმა. მანქანები ტყვიებითაა დაცხრილული, საჭესთან ორი მოკლული ჩანს. ასევე ვიდეოში ნაჩვენებია ნაღმები, რომლებიც, როგორც აცხადებენ, დივერსანტებმა დატოვეს. გუშინ იტყობინებოდნენ, რომ ერთ-ერთ ნაღმზე აფეთქდნენ რუსეთის გვარდიის წევრები, ოთხი მებრძოლი დაიჭრა.

ვიდეო დამონტაჟებულია. იმის დადგენა, თუ სადაა ის გადაღებული, შეუძლებელია. სოცქსელებში ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ვიდეოში ავტომობილი დგას ერთ ადგილზე, იმავე ვიდეოში ნაჩვენებ ფოტოებზე კი - სხვაგან.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, საერთო ჯამში დივერსიული თავდასხმის შედეგად მოკლულია ორი მშვიდობიანი მოსახლე (ისინი ავტომობილების საჭეებს უსხდნენ) და დაიჭრა ბიჭი. სოფელ ლიუბეჩანეში ჩაწერილ ვიდეოში „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლები ამბობენ, რომ არ ებრძვიან მშვიდობიან მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG