Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. ნიუ-იორკი, 2023 წლის 6 მარტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. ნიუ-იორკი, 2023 წლის 6 მარტი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ომი უკრაინაში და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა 6 მარტს ნიუ-იორკში გაიმართა, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიის ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს მოხდა საქართველოში 2008 წლის ომის დროს და დღეს, როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში შეხვდა შვეიცარიის პრეზიდენტ ალან ბერსესაც. მათ ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლს ასრულებს.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 6 მარტს სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიის გახსნაში და ფორუმის მონაწილეებს მიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შეხვდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორს, ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებს და ნიუ-იორკის მერს. სალომე ზურაბიშვილი ეწვევა იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებს და საჯარო ლექციას წაიკითხავს ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში.

საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა ჰარვარდის კლუბსაც, სადაც რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG