Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დროა ვიმოქმედოთ" - თსუ-ს სტუდენტები "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციას უერთდებიან


თსუ-ს სტუდენტები
თსუ-ს სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აფუძნებენ მოძრაობას "სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ" და უერთდებიან იმ აქციებს, რომლებიც დედაქალაქის ცენტრში იმართება. სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ის სტუდენტები, რომლებიც გაერთიანდნენ ამ მოძრაობაში, ითხოვენ რექტორმა და აკადემიური საბჭოს წევრებმა გამოხატონ თავიანთი მოსაზრება "რუსულ კანონზე".

"ჩვენ ცალსახად და ხმამაღლა ვაფიქსირებთ ჭეშმარიტ პოზიციას, რომ ეს კანონპროექტი დგას ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და დემოკრატიული, ევროპული საქართველოს წინააღმდეგ, ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, აკნინებს მედიას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ სტუდენტებს აყენებს აუნაზღაურებელ ზარალს.

მაშინ, როცა სტუდენტები სრულიად იგნორირებულები არიან სახელმწიფოს მხრიდან; მაშინ, როცა სტუდენტებს უჭირთ მძიმე რეალობაში საკუთარი შესაძლებლობა სრული რეალიზება, სამოქალაქო საზოგადოება და მედია მუდამ მედგრად იდგნენ ჩვენ გვერდით. გვიზიარებდნენ შესაძლებლობებს და ღიად გვიჭერდნენ მხარს. დღეს კი დროა, ჩვენც ვიმოქმედოთ მათთვის ისე, როგორც საკუთარი თავისთვის.

ამასთანავე გვჯერა, როდესაც ქვეყანას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა და ამავდროულად, ღიად აცხადებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების სურვილს, შინაარსობრივად რუსული კანონის ინიციირება, არათუ განხილვა წარმოადგენს ჩვენი კონსტიტუციური წეს-წყობილების დევიაციას", - თქვა ამ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

სტუდენტების მოძრაობამ "რუსული კანონის" მოსალოდნელ საფრთხეებზე მიწვეულ სტუმრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მსვლელობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით.

7 მარტს დღის პირველ ნახევარში ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა 7 მარტსვე დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა პარლამენტში. მოძრაობამ "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიზეზად "მეტი სიმართლის" თქმა დაასახელა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინტერესების მიმართ ეჭვის გამჩენი განცხადებების გავრცელება დაიწყო.

კანონპროექტის განხილვის დროს პარლამენტთან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან 7-8 მარტის ღამეს პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლებით. საქმე აღიძრა სისხლი სამართლის კოდექსის ორი მუხლითაც.

XS
SM
MD
LG