Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილი: ყველაფერზე პასუხისმგებელი არის „რუსული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლის შესახებ ილაპარაკა „ფორმულის" ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

„რუსულმა ოცნებამ“, კრემლიდან მართულმა ხელისუფლებამ, კონსტიტუცია დაღეჭა გუშინ, იმიტომ რომ კონსტიტუციაში წერია საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. ამაზე არის პასუხი გუშინაც და დღესაც. გუშინდელის შემდეგ კრემლიდან მიღებული დავალების შესაბამისად, სადამსჯელო ღონისძიება ჰქონდათ. ასზე მეტი ადამიანი გუშინ დააკავეს, ათეულობით ადამიანი ახლა არის დაკავებული. კიდევ ერთხელ ვეუბნები ყველას, რომ აბსოლუტურად ყველას ინტერესებს დავიცავთ, - თქვა ხაბეიშვილმა და დაამატა, - ამ ხალხს უნდა ევროპაში. ახლა მიდის რუსული პროპაგანდა - ეს პარტია, ის პარტია. ბოდიში, მაგრამ ყველა პარტია ამ ხალხს ჰკიდია ფეხებზე, საკუთარი სამშობლოს გარდა. უნდათ ევროპული მომავალი. ნებისმიერი პოლიტიკოსის გარეშე გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ - იცავენ საკუთარ მომავალს, ევროპულს. არ უნდათ ანწუხელიძის მკვლელებს ფეხებში შეუგორდნენ. პოლიტიკოსები ვართ მხოლოდ ინსტრუმენტები ამ ადამიანების ხელში. ყველაფერზე პასუხისმგებელი არის „რუსული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვა. ასევე ის „78 გავრილოვი", რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!"

რუსთაველის გამზირზე "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა და გზა გადაკეტა მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმებმა დიდი რაოდენობის ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით სცადეს პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების დაშლა.

დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველიდან ჩავიდა პრეზიდენტის სასახლესთან, ორბელიანის მოედანთან.

პროტესტის კერების გაშლის პარალელურად, დემონსტრანტები, ფაქტობრივად, მეორედ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ერთხელ უკვე სცადა მისი გაწმენდა - ამ დროისთვის პარლამენტის წინ კვლავ მობილიზებულია ათასობით ადამიანი, რომლებიც წინ უდგანან სპეცდანიშნულების რაზმებს და სპეცტექნიკას. მათი ნაწილი სკანდირებს "საქართველო, საქართველოს", ნაწილი კი ცდილობს პოლიციის თანამშრომლების იმაში დარწმუნებას, რომ არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG