საფრანგეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას.
„საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, გამოთქვამს სიღრმისეულ შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო. ეს ინიციატივა ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაციას და მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული პერსპექტივისადმი“, - წერია 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებით, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კეტრინ კოლონამ 18 თებერვალს მიუნხენში შეხვედრისას თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს, მოუწოდა, „გაგრძელდეს ძალისხმევა“, რათა საქართველო მიუახლოვდეს სტატუსის მიღებას. „საფრანგეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე“, - წერს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი.
ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევს.
კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ კანონის მიღება დააზიანებს დასავლეთთან ურთიერთობებს.
ამ კანონის მიღებას საზოგადოების არაერთი ჯგუფი ეწინააღმდეგება - მსახიობები, მწერლები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, მასწავლებლები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სხვები.
კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.
მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.
კიდევ უფრო დიდი დემონსტრაცია გაიმართა 8 მარტს. ამჟამად პოლიცია აგრძელებს ამ აქციის დაშლას.