თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლით სცადა ავტომანქანისთვის წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობა. ავტომანქანა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს. ჩაქრობის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ავტომანქანას ცეცხლი კვლავ უკიდია, თუმცა განმეორებით მის ჩაქრობას აღარ ცდილობენ. წყლის ჭავლის მანქანების გარდა, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე სახანძრო მანქანა არის მობილიზებული, თუმცა ისინი ხანძარს არ აქრობენ.
რუსთაველის გამზირსა და თბილისის სხვა ქუჩებზე რამდენიმე საათია სპეცდანიშნულების რაზმი ცდილობს აქციის მონაწილეების დაშლას. მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლმდენ გაზსა და წყლის ჭავლს.
პროტესტის კერების გაშლის პარალელურად, დემონსტრანტები, ფაქტობრივად, მეორედ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ერთხელ სცადა მისი გაწმენდა - ამ დროისთვის პარლამენტის წინ კვლავ არიან მობილიზებული მოქალაქეები, რომლებიც წინ უდგანან სპეცდანიშნულების რაზმებს და სპეცტექნიკას.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას პარლამენტის მიერ.