Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქ ჯაშუში ცხოვრობს - ქუთაისში აქტივისტის სახლის ჭიშკარზე წარწერა დატოვეს


სამოქალაქო აქტივისტის, აკაკი საღინაძის სახლის ჭიშკარსა და ტროტუარზე 9 მარტს გაჩნდა წარწერები, რომლითაც ის "დავალების შემსრულებელ ნაც ჯაშუშად" არის მიჩნეული. წითელი საღებავით გაკეთებულ "იარლიყს" თავად აქტივისტი თავის საზოგადოებრივ აქტივობას უკავშირებს - აკაკი საღინაძე იყო 7 და 8 მარტის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქუთაისში. ამ აქციებზე მოქალაქეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით და პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

საღინაძემ არ იცის, ვინ დატოვა წარწერები მის სახლთან, თუმცა ამბობს, რომ გამოხატვის მსგავსი ფორმა მისთვის მიუღებელია.

„რაც შეეხება შინაარს, ჯაშუში ისპირირებულია „უცხოური გავლენის აგენტიდან“ და ამ სიტყვების შეთანხმება "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციის კარგად ნაცნობი პრაქტიკაცაა, ეს ყველაფერი კი პოლარიზების და აგრესიის გამოწვევის საბაბია, რაც, სავარაუდოდ, ამ წარწერის პირობაცაა“, – ამბობს აქტივისტი.

აკაკი საღინაძეს მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ჯერ არ მიუმართავს - ის ამას საჯაროდ აპირებს დღეს საღამოს დაგეგმილ აქციაზე.

თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეთა ორდღიანი მასშტაბური პროტესტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" 9 მარტის დილას თქვა, რომ "ყველანაირი დათქმებიც გარეშე" გაიწვევს სადავო კანონპროექტს პარლამენტიდან. ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსახლეობა დეზინფორმაციის მსხვერპლია და მმართველი ძალა გააგრძელებს მცდელობას, აუხსნას, რას ემსახურება სინამდვილეში ეს კანონი.

"ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების პოლიტიკური გაერთიანება "ხალხის ძალის" კანონპროექტი, მათი განმარტებით, მიზნად ისახავს უცხოეთიდან საქართველოში შემოსული თანხების გამჭვირვალობას, საზოგადოების დიდი ნაწილი და საქართველოს პარტნიორები კი მიიჩნევენ, რომ ამ ინიციატივის მიზანი თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის გაჩუმება და გაქრობაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG