ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი ვერ ხედავს უკრაინაში თავისი ჩასვლის აუცილებლობას. მაკკარტი, რომელიც უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა, „შეუვსებელი ჩეკით“ დახმარებას ეწინააღმდეგება, უკრაინაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიწვია.
ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კევინ მაკკარტი უკრაინაში უნდა ჩავიდეს, რათა თავად ნახოს, რა ხდება, რისთვის იბრძვიან და შეფასებები ამის მიხედვით გააკეთოს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ჩასული ამერიკელი დემოკრატები და რესპუბლიკელები თავად ხედავენ, რისთვის იხარჯება თითოეული ჭურვი, ტყვია და თითოეული დოლარი.
კევინ მაკკარტიმ CNN-ს უთხრა, რომ სიტუაციაში გასარკვევად უკრაინაში ჩასვლა არ სჭირდება, რადგან ინფორმაციას იღებს ბრიფინგებიდან და სხვა არხებით. მაკკარტის თქმით, მისი პოზიცია იყო და არის, რომ აშშ უკრაინას უნდა ეხმარებოდეს, მაგრამ არა „შეუვსებელი ჩეკით“, ანუ ხარჯების დეტალურად შემოწმების გარეშე.
უკრაინას აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, თუმცა, რესპუბლიკელების ნაწილი მოითხოვს, რომ დახმარება აღარ გაგრძელდეს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს, სენატში კი - პრეზიდენტ ბაიდენის დემოკრატიულ პარტიას.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება.