Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ბოლო დღეებში თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლას. ის აცხადებს, რომ სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა ჰუმანურობა. ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად განსხვავებული, რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინწინ, როდესაც ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ, მათ შორის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და მათ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

7-9 მარტს „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციები საპოლიციო ძალებმა დაშალეს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით საპოლიციო ძალა უკანონოდ და არაპროპორციულად გამოიყენეს.

„როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საშუალებების გამოყენება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამასთან, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს. ამასთან, ადგილი აქვს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის ინტენსიურად, დროში შემჭიდროებულ შუალედებსა და დიდი რაოდენობით გამოყენებას, რასაც, გარდა არაპროპორციული ბუნებისა, აქვს მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობის ტოლფასი ეფექტი", - ვკითხულობთ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" 9 მარტის განცხადებაში.

საპროტესტო აქციის დაშლა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მოქალაქეები თბილისის სხვადასხვა ქუჩაში პროტესტის გამოხატვას განაგრძობდნენ. მოგვიანებით ისინი რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ და ბარიკადები მოაწყვეს. სპეცდანიშნულების რაზმმა სპეცტექნიკის დახმარებით აქცია კვლავ დაშალა, მაგრამ დემონსტრანტები გზადაგზა მაინც აწყობდნენ ბარიკადებს, მათი მასობრივად დაკავების შემდეგ კი საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩა მომიტინგეებისგან გათავისუფლეს.

რამდენიმე საათში „ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ გაიწვევენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

დღეს, 9 მარტს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, კვლავ გაიმართება აქცია.

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორი პუნქტის შესრულებას - გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, იმიტომ რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი, მათ აქვთ სახელი გატეხილი და მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ, არიან დაჭერილები", - განაცხადა ბრიფინგზე „გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრმა ცოტნე კობერიძემ. 9 მარტს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბოლო სამი დღის განმავლობაში აქციაზე დაკავებული 133 დემონსტრანტის გათავისუფლებაა.

XS
SM
MD
LG