სლოვაკეთს და პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება სურთ, ამის შესახებ ინფორმაცია 9 მარტს Facebook-ის საშუალებით გაავრცელა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა.
ნადმა პოლონელ კოლეგა მარიუშ ბლაშჩაკთან წინა დღით სტოკჰოლმში გამართული შეხვედრის შინაარსი მოიხმო და დაადასტურა, რომ „პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, რომ ჩვენ ერთად MiG-ებს მივაწვდით უკრაინას.“
ნადს ვადები არ დაუსახელებია. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თავისი ქვეყნის პრინციპული თანხმობა გამოხატა. ნადმა ასევე თქვა, რომ მის ქვეყანას იმედი აქვს, რომ გერმანიისგან ან ნატოს წევრი სხვა ქვეყნისგან კომპენსაციას მიიღებს.
სლოვაკეთი და პოლონეთი პირველი ქვეყნები იქნებიან, რომლებიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან. გერმანია და სხვა ქვეყნები დღემდე ამის წინააღმდეგი არიან.