Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ ერთადერთი არჩევანი ევროპული მომავალია


"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდების შესახებ „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია.

„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია", - ვკითხულობთ აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

დღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

მმართველი პარტიის თანახმად, "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად", საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, "რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში".

განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს „კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების“ გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • 7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.
  • საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
XS
SM
MD
LG