Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, „აგენტების" კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება მიღებულია და ვერ გადაიხედება


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც ის ამბობს, ამ თემაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და მხოლოდ ტექნიკური ნაწილი არის დარჩენილი.

„პროცედურებთან დაკავშირებით არის ცარიელი სპეკულაციები, რაც უკვე განმარტა მამუკა მდინარაძის მხრიდან. ნებისმიერი კანონპროექტი, ნებისმიერ თემაზე შეგიძლია დააინიციირო და რამდენიმე დღეში მიიღო დაჩქარებული წესით. პროცედურა აქ არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, ეს გადაწყვეტილება არის გაჟღერებული და აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, იმისათვის, რომ ძალადობრივი მუხტი შექმნას დღეს, რაც იყო, სამწუხაროდ, გუშინ და გუშინწინ, ის არის თანაზიარი იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ამას შეიძლება უკავშირდებოდეს. მოვუწოდებ პოლიტიკანებს, თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან. არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხი", - განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

დღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

მმართველი პარტიის თანახმად, "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად", საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, "რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში".

განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს „კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების“ გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • 7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.
  • საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
XS
SM
MD
LG