საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას ულოცავს ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, რომელიც მმართველმა პარტიამ 9 მარტს, დილით მიიღო.
„პირველი ასეთი გამარჯვება“, - ასე აფასებს პრეზიდენტი ხელისუფლების გადაწყვეტილებას:
„მივესალმები სწორ გადაწყვეტილებას, მიღებულს ხელისუფლების მიერ, რომ გამოეწვია ეს კანონი. ეს არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინა ხალხის რეალური ძალა, ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში... ეს იყო ამავდროულად პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და საზოგადოების ეს გაერთიანება ძალიან კარგად გამოჩნდა. ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ევროპისკენ მიმავალ გზაზე“.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ გზაზე ის საზოგადოების გვერდით იქნება:
„ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც, უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ, რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგან ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. მე აქ ვარ ამერიკაში და მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ. იმიტომ, რომ დღეს საჭიროა, რომ ჩვენ გავამაგროთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ ჩვენ მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს. მე ვარ თქვენს გვერდით და ვიქნები თქვენს გვერდით!“
საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
- პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
- საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.