ბელარუსის სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მასშტაბური რეიდის შედეგად, რომლის დროსაც 30-მდე საეჭვო პირის შემოწმება მოხდა, საბოლოო ჯამში „ექსტრემისტულ ფორმირებებთან კავშირში“ ეჭვმიტანილი დაახლოებით 20 პირი დააკავეს. მათ 15 დღით პატიმრობა მიესაჯათ და გადაყვანილი არიან წინასწარი დაკავების იზოლატორში.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, დაკავებულები ვერ იღებენ ახლობლებისგან ამანათებს, არ აქვთ თეთრეული, ლეიბები და პირადი ჰიგიენის საშუალებები. ეჭვმიტანილებს ყოველ 2 საათში კითხავენ, მათ შორის ღამითაც, გადაჰყავთ საკნიდან საკანში და არ აძლევენ ძილის უფლებას.
თებერვლის ბოლოს სამხედრო აეროდრომ „მაჩულიშჩიში“ მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ „ყველა რადიკალური წმენდის“ პირობა დადო. ამის შემდეგ მთელ ქვეყანაში გრძელდება მასობრივი დაპატიმრება, სახელმწიფო ტელევიზიით კი უჩვენებენ დაპატიმრებულების აღიარებით ჩვენებებს.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხოლოდ 9 მარტს დაახლოებით 60 ეჭვმიტანილი დააკავეს.
ბელარუსში სამხედრო აეროდრომ „მაჩულიშჩიში“, მინსკიდან 12 კილომეტრში, 26 თებერვალს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 (ДРЛО) - ნატოს კლასიფიკაციით Mainstay („ბურჯი“) - რომელსაც შეუძლია ერთდროულად აკონტროლოს 60-მდე სამიზნე და მათი განადგურების ბრძანებაც გასცეს.
ბელარუსის ოპოზიციური მოძრაობის, BYPOL-ის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი აფეთქდა დივერსიის შედეგად: დაზიანებულია ხომალდის ელექტრონული აღჭურვილობა - ავიონიკა - წინა და ცენტრალური ნაწილი, სანავიგაციო თეფში, რომელიც ახდენს ტერიტორიის სკანირებას.
ბელარუსის ხელისუფლებამ "მაჩულიშჩიში" მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში უკრაინის უშიშროებისა სამინისტრო დაადანაშაულა. კიევი ამ ბრალდებებს უარყოფს.