Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო აკრიტიკებს იმ სასულიერო პირს, რომელიც გუშინ "ალტ-ინფოს" აქციაზე იდგა


ფოტო 14 მარტის აქციიდან
ფოტო 14 მარტის აქციიდან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ წერილი გაეგზავნა იმ სასულიერო პირს, მღვდელმთავარს, რომელიც გუშინ, 14 მარტს, პარლამენტის შენობის წინ პარტია "კონსერვატიული მოძრაობისა" და ამავე პარტიის ტელეარხ "ალტ-ინფოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე იდგა. ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების აქციაზე ისმოდა მუქარა, რაც საპატრიარქოს განცხადებით, მათთვის მიუღებელია.

"14 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს... საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას", - წერია განცხადებაში.

აქვე ძალადობრივი ჯგუფის 14 მარტის აქციის გარდა, ერთ კონტექსტში ნახსენებია 7-9 მარტის აქცია, რომლის მიზანიც ე.წ. აგენტების კანონის არმიღება იყო.

"ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, „მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა", - წერია განცხადებაში.

14 მარტს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" მოწოდებით რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათ მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ქუჩებში და ბოლოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

მათ იქ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს. ამის შემდეგ მუხლი მოიდრიკეს და დაიწყეს ლოცვა.

ამ საქმეზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.

პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს. იგი სამართალდამცავებმა აღმართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG