Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აგზავნის პოლონელი ექიმების გუნდს, რომელიც მზადაა სააკაშვილთან შესახვედრად


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში".
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში".

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პოლონელი ექიმების გუნდის ჩამოსვლას ელოდება. ამისათვის უკვე მზადაა პოლონეთი და არსებობს საქართველოს მთავრობის თანხმობა წინაპირობით.

"პოლონელი ექიმებით დაკომპლექტებული ევროპული მისიის" მიზანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნის მომზადებაა.

პოლონელი ექიმების ვიზიტის თარიღსა ან მათ ზუსტ შემადგენლობაზე ინფორმაცია არ აქვს სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას. დღეს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ უცხოელ ექიმებთან კომუნიკაცია არ აქვს.

"[ექიმების ვიზიტზე] 2 კვირაა, ვიცით. მე მაქვს მოლოდინი, რომ უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ფაქტია, არ ჩანან. არავითარი კომუნიკაცია არ მაქვს, არც ვიცი, ვინ არიან. ჯერჯერობით, ეს [იუსტიციის სამინისტროს] განცხადება არანაირ იმედს არ მაძლევს", - თქვა ალასანიამ დღეს, 17 მარტს, კლინიკა "ვივამედში" შესვლამდე.

გუშინ, 16 მარტს, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ პენიტენციური სამსახური "არ იქნება წინააღმდეგი", მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თუ იგი დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა.

შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება", - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ექიმების ვიზიტზე საქართველოში პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა პოლონურ მედიას ესაუბრა.

"ჩვენ მზად ვართ სამედიცინო მისიისთვის, სპეციალისტები მზად არიან, მზადაა ლოგისტიკა, მზად ვართ ნებისმიერ დროს გავფრინდეთ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის საიმედო, პროფესიონალური და უმაღლეს დონეზე გამოკვლევისთვის", - თქვა მან და დაამატა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენასთან ერთად, მათი მიზანი ყოფილი პრეზიდენტის პოლონურ საავადმყოფოში გადაყვანაა.

კითხვაზე, ვინ იქნებიან გუნდში, რომელიც საქართველოში გაემგზავრება, გოშევსკა პასუხობს, რომ ეს იქნება პოლონელი მედიკოსების გუნდი, რომელიც ევროპული გადაწყვეტილებების საფუძველზე იმოქმედებს:

"ამაზე 27 ქვეყანა დათანხმდა და ეს მისია მათი პატრონაჟით იქნება.
ასე რომ, ეს იქნება ევროპული მისია, თუმცა პოლონელი ექიმებით დაკომპლექტებული. ყოფილი პრეზიდენტის გამოკვლევის შემდეგ, სამედიცინო კომისია მოამზადებს დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს, იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენის საფუძველი".

14 მარტს პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა, პიოტრ მულერმა განაცხადა, რომ მედიკოსთა ჯგუფი პოლონეთიდან მზად არის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ჩავიდეს. სააგენტო "როიტერსის" თანახმად, ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ქართული მხარის თანხმობას ველით. როგორც ვიცით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული ვითარება საერთაშორისო საზოგადოებაში სერიოზულ ეჭვებს იწვევს და სწორედ ამიტომ ჩვენ მზად ვართ, ასე გავაქარწყლოთ ეჭვები“, – თქვა პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

გასულ კვირაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად პოლონელი ექიმების ჩამოყვანაზე მათთვის არავის მიუმართავს. მისივე თქმით, უცხოელი ექიმის მოწვევა საქართველოს ხელისუფლების იდეაა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

2 თებერვალს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გაიმართა დებატები. მაშინ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. ჰანმა აღნიშნა, რომ ყველას ინტერესშია "არასადავო" სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რაშიც ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება.

"მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ადეკვატურობას სხვადასხვა მხარე განსხვავებულად აფასებს. მე მჯერა, ყველას ინტერესშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს დამოუკიდებელი, არასადავო საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ევროკავშირი ამ საკითხში სრულად დაეხმარება ქართველ პარტნიორებს", - თქვა მან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG