Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა დღის მეორე ნახევარში იგეგმება


ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი სამარყანდში. 2022 წლის სექტემბერი
ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი სამარყანდში. 2022 წლის სექტემბერი

რუსეთის მედიასაშუალებები Flightradar-ის სერვერის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი უნდა იმყოფებოდეს, სავარაუდოდ, უკვე ჩაფრინდა მოსკოვში.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით კი, ორი ქვეყნის ლიდერს შორის პირისპირ შეხვედრა არაოფიციალური სადილის ფორმატში დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საორიენტაციოდ 16:30 საათზე (მოსკოვის დროით) გაგრძელდება პრეზიდენტ პუტინის დღევანდელი დღის საერთაშორისო ნაწილი და ეს დაკავშირებული იქნება [სი ძინპინთან შეხვედრასთან]“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვის თქმით, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, „ასე თუ ისე“ განხილული იქნება უკრაინის საკითხი და ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივა.

რუსეთში ჩინეთის ლიდერის ვიზიტის შესახებ 17 მარტს გახდა ცნობილი. სი ძინპინი მოსკოვში 22 მარტამდე დარჩება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, განიხილება მხარეებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები. უშაკოვის თქმითვე, "რა თქმა უნდა, განიხილება კონფლიქტი უკრაინაში“.

კრემლის ინფორმაციით, ეს არის სახელმწიფო ვიზიტი, რაც ოფიციალური ვიზიტების უმაღლესი რანგია.

კრემლის განცხადების მიხედვით, მხარეებს შორის განიხილება „რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განვითარების საკითხები“; დაგეგმილია ასევე „აზრთა გაცვლა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში“; ასევე ხელი მოეწერება მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტებს - დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად - რომელს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შედგება „აზრთა სიღრმისეული გაცვლა ორმხრივ ურთიერთობებზე, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე“, ვიზიტის მთავარ მიზნად კი რუსეთთან ორმხრივი კავშირების განმტკიცება სახელდება.

ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სი ძინპინის პირველი ვიზიტია მოსკოვში და მისი პირველი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც მესამე ვადით აირჩიეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურად. პუტინი კი ჩინეთში ოლიმპიადის გახსნაზე იმყოფებოდა გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე.

მანამდე რამდენიმე დასავლური მედია წერდა რუსეთში ჩინური წარმოების შეიარაღების შესაძლო მიწოდებაზე. მათ შორის - უპილოტო საფრენი აპარატების, საარტილერიო და საბრძოლო მასალების. პარასკევს გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს მიაწოდეს ათასობით შაშხანა, რომელთა გამოყენებაც ომშია შესაძლებელი. მიაწოდეს ასევე სხვა შეიარაღება, მათ შორის დრონების დეტალები და ჯავშანჟილეტები. საუბარი არ არის ფართომასშტაბიან მიწოდებაზე.

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ. თუ პირველივე პუნქტი შესაძლოა, აღქმული იყოს უკრაინის მხარდაჭერად, მეორე პუნქტი რუსეთის ინტერესებს ეხმიანება.

კიევს პირდაპირ არ უთქვამს უარი ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივაზე, თუმცა აღინიშნა, რომ ემხრობიან თავიანთ წინადადებას, რომელიც უკრაინიდან რუსეთის სამხედრო ძალის სრულად გაყვანას ითვალისწინებს.

ჩინეთს არ დაუგმია რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, ხმა არ მიუცია გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებისთვისაც. ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთის პოზიციაზე. ამასთან ჩინეთმა აშშ და დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებაში. ამავდროულად პეკინმა ოფიციალურად არ აღიარა ყირიმისა და უკრაინის რეგიონების ანექსია და მედიის ცნობით, კრემლს აგრძნობინა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა.

სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.

XS
SM
MD
LG