Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება


გიორგი ამილახვარი
გიორგი ამილახვარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრად წარადგინა თანაგუნდელი პარლამენტიდან, გიორგი ამილახვარი. ამილახვარი საქართველოს პარლამენტის წევრი 2020 წლის არჩევნებზე გახდა, ის პარტიული სიის მე-12 ნომერი იყო. ის მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.

გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ცვლის მიხეილ ჩხენკელს, რომელიც ამ პოსტზე მმართველმა პარტიამ 2019 წელს დააბრუნა. მინისტრობიდან მინისტრობამდე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პირველად 2017-2018 წლებში ხელმძღვანელობდა.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, გიორგი ამილახვარმა მხარი დაუჭირა 2298 კანონპროექტს, წინააღმდეგი კი 10 შემთხვევაში იყო. მან მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონპროექტსაც, რომელმაც ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოიყვანა, მათ შორის - სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.

წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს არც საქართველოს პრემიერმა უპასუხა და არც ახალმა მინისტრმა.

გიორგი ამილახვარის კომენტარს, რომელიც ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასული ბავშვებისთვის დენის დარტყმას შეეხებოდა, 2022 წლის 13 ოქტომბერს მის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

"არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს - არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის… ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად?!" - თქვა ამ ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში ჟურნალისტებთან კომენტარში გიორგი ამილახვარმა.

​მოგვიანებით ამ კომენტარისთვის მან ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ განცხადების გაკეთების დროს არ იყო სრულად ინფორმირებული მომხდარის შესახებ.

"ბოდიში მინდა მოვიხადო და მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. არ აქვს იმის ახსნას აზრი, თუ რა კონტექსტით გავაკეთე ის განცხადება, რაც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჩემთვისაც ამ კონტექსტში ის განცხადება, რაც გავაკეთე, არის სრულიად მიუღებელი", - თქვა მან.

XS
SM
MD
LG