Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახმუტში რუსეთის არმიასთან ბრძოლაში 25 წლის ილია ჩოხელი დაიღუპა


ილია ჩოხელი
ილია ჩოხელი

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, რუსეთის არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა 25 წლის ქართველი ილია ჩოხელი. ის წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედიდან იყო და 12 წლის წინ საცხოვრებლად ხარკოვში გადავიდა. ქართველი მებრძოლის მამა ზემო ქედიდანაა, დედა კი უკრაინელი იყო. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ილია ხარკოვში დედის მშობლებთან ცხოვრობდა და სწავლობდა.

სოფელ ზემო ქედში ცხოვრობენ მამის მხრიდან ილიას ბებია და პაპა. ბებიამ, ქეთევან ქიმოსტელმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი შვილიშვილი სამხედრო აკადემიაში მესამე კურსის სტუდენტი იყო და ომში საკუთარი სურვილით ჩაერთო.

„ასე უთქვამს, ბახმუტს რუსებს არ დავუთმობო, მე უნდა დავიცვაო... 16 მარტს ბრძოლის წინა ხაზზე შეტაკების დროს 200 უკრაინელი ჯარისკაცი ყოფილა. ილიას გარდა, კიდევ ერთი გარდაცვლილა. როგორც გვითხრეს, ილია მეორე დღეს, 17-ში, ხარკოვში ძმათა სასაფლაოზე დაუკრძალავთ. ილიას ხარკოველი ნათლია ჰყავდა და იმან უპატრონა, თორემ იქაური პაპა-ბებია მოხუცები არიან“, - თქვა ქეთევან ქიმოსტელმა, ილია ჩოხელის ბებიამ.

მისი ინფორმაციით, ილიას მამას შვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების სურვილი აქვს.

2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში 37 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

XS
SM
MD
LG