Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრანკლინის კლუბი" "საქართველოს უნივერსიტეტთან" თანამშრომლობას წყვეტს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

"ფრანკლინის კლუბი", რომლის მიმართაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დღეების განმავლობაში ბრალდებებს აჟღერებენ, "საქართველოს უნივერსიტეტთან" თანამშრომლობას წყვეტს. კლუბი განმარტავს, რომ მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ხელისუფლება აქტიურად იყენებს "საქართველოს უნივერსიტეტზე" სრულიად უსამართლო თავდასხმებისთვის.

​"ფრანკლინის კლუბმა მიიღო რთული, მაგრამ არსებულ მდგომარეობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, შეწყვიტოს თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტთან და ამით თავიდან აარიდოს ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული ნეგატიური საინფორმაციო კამპანია.

დღეს საქართველოს უნივერსიტეტი არის სახელისუფლებო პროპაგანდის კონტროლის მიღმა დარჩენილი ერთ-ერთი დიდი თავისუფალი სივრცე, რომლის არსებობაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენისთვის", - წერია 20 მარტს კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ კლუბი უნივერსიტეტთან მხოლოდ საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობდა და დაწესებულება არასდროს ჩარეულა მათ საქმიანობაში:

"ფრანკლინის კლუბი ემსახურება დემოკრატიული ღირებულებებისა და კლასიკოს ლიბერალ მოაზროვნეთა იდეების გავრცელებას. კლუბი ხელს უწყობს წევრებს შორის თანამშრომლობას, ქმნის თავისუფლების იდეაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო და მედიაპროექტებს, მონაწილეობს სამოქალაქო დისკუსიებსა და აქტივიზმში. ჩვენს მისიად რჩება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა".

"ფრანკლუბის კლუბი" მადლობას უცხადებს ყველა ადამიანს და ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის.

"პოტენციურ პარტნიორებსა და მხარდამჭერებს, მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ ფრანკლინის კლუბის ისტორიის ახალ ეტაპზე. დღეს თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგანაც მკაფიოდ ვგრძნობთ, რომ ერთად, შეგვიძლია, არამარტო გავუძლოთ პროპაგანდის ზეწოლას, არამედ შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. ერთად დავიცვათ თავისუფლების იდეა და მივაღწიოთ ევროპულ მომავალს!" - წერია განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც მმართველ პარტიას ხალხმრავალი აქციების შედეგად ე.წ. აგენტების კანონის პარლამენტიდან გაწვევა მოუწია, ხელისუფლების წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ბრალდებებს აჟღერებდნენ. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მარტს თქვა:

"მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეს დაიწყო ეგრეთ წოდებულმა "გირჩის" მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და "ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს... ეს არის შემაშფოთებელი. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია".

XS
SM
MD
LG