Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩემი შვილი „ფრანკლინის კლუბის“ წევრია" - ვის ეშინია „ფრანკლინელების“?


„ექსტრემისტური დაჯგუფება, ანარქისტები, პროვოკატორები, სატანის ფორმიანები“ - ბოლო დღეებია ხელისუფლება მარტის აქციებზე გამოსულ ახალგაზრდებს ასე მოიხსენიებს. კრებითად და სახელობითადაც. მმართველი გუნდი ამ ნიშნით ჩამოთვლილებს შორის გამოყოფს „ფრანკლინის კლუბს“ და ამბობს, რომ ამ კლუბში, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებენ, „ახალგაზრდების რეკრუტირება ხდება“.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რა ვიცით „ფრანკლინის კლუბსა“ და „ფრანკლინელებზე“ და რატომ უფრთხის მათ ხელისუფლება.

„ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეზი თოფურია იხსენებს, რომ მედიაში, კლუბის საწინააღმდეგო, პირველი დეზინფორმაციული შინაარსის განცხადებები, გასული წლის ნოემბერში გამოჩნდა: გამოცემა „ასავალ-დასავალი“ კლუბს „მასონთა ლოჟად“ მოიხსენიებდა. ამას მოჰყვა ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ „ფრანკლინის კლუბს“ 100-მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა.

„ცხადია, რომ არც მილიონიანი დაფინანსება გვაქვს და არც „ანარქისტულ-სატანისტური“ ორგანიზაცია ვართ“, - უთხრა რეზი თოფურიამ რადიო თავისუფლებას.

"ფრანკლინის კლუბის" მოსწავლეები
"ფრანკლინის კლუბის" მოსწავლეები

როგორ გაჩნდა „ფრანკლინის კლუბი“?

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, რამდენიმე მეგობარმა გადაწყვიტა, დაეარსებინათ ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი განათლების გავრცელება იქნებოდა - სურდათ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის ესწავლებინათ რა არის თავისუფლება, ლიბერალური ღირებულებები, ინდივიდუალიზმი, კერძო საკუთრება:

„მოკლედ, ის ცნებები, რასაც ამერიკაში იცავდა ბენჯამინ ფრანკლინი, საქართველოში კი, ილია ჭავჭავაძე“, - ამბობს რეზი თოფურია.

„ფრანკლინის კლუბს“ „საქართველოს უნივერსიტეტმა“ ერთი ოთხი უსასყიდლოდ დაუთმო, ისევე, როგორც ის აუდიტორიებ, სადაც შაბათ-კვირას, მოსწავლეთათვის „ფრანკლინის აკადემიის“ ლექციები ტარდება და სადაც, როგორც რეზი გვეუბნება, მე-10-11-12 კლასელებს ელაპარაკებიან იმაზე, თუ რა არის პოლიტიკური სამართალი, ეკონომიკა, რისი უფლებები გაქვთ.

რეზი თოფურია
რეზი თოფურია

პირველ ჯგუფში სულ 30 მოსწავლე ჰყავდათ. დღეს, ყოველთვიურად 400-მდე ბავშვი რეგისტრირდება, თუმცა კლუბს 200-ის მიღება შეუძლია.

„ფრანკლინელი“ გახდა უკვე 2000-ზე მეტი მოსწავლე.

„ფრანკლინის კლუბში“ ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება მათით სწორედ ამიტომ დაინტერესდა.

„მათ აქციებზე ნახეს Gen Z-ის ძალა, თაობის, რომელიც არაფერს უშინდება, არა აქვს ჩაკეტილი აზროვნება და, რაც მთავარია, მათ არ სჭირდებათ მესია, რომელიც წინ წაუძღვება. ისინი თავისუფლად აზროვნებენ. მათმა ასეთმა აქტივობამ ხელისუფლება ჯერ გააკვირვა, შემდეგ კი შეაშინა. მერე თქვეს, აბა, ვნახოთ, ვინ მუშაობს მათთან? და ნახეს, რომ ერთ-ერთი იყო „ფრანკლინის კლუბი“, - გვეუბნება რეზი თოფურია.

"ფრანკლინელები"
"ფრანკლინელები"

არის სხვა მიზეზიც, რომლითაც შეიძლება აიხსნას ხელისუფლების განცხადებები და ამას მმართველი გუნდი არც მალავს - „საქართველოს უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი მეწილე (და ლექტორი) მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ხოლო თავად უნივერსიტეტი „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფინანსებელი - გარდა იმისა, რომ კლუბის წევრებისთვის უფასოა აუდიტორიები, უნივერსიტეტი ლექტორების ჰონორარსაც იხდის.

„ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქიც“ (რომელიც ირაკლი კობახიძემაც ახსენა), რომლისგანაც კლუბს ორი გრანტი აქვს მიღებული. რეზი თოფურია ამბობს, რომ ეს თანხა მათი დაფინანსების დაახლოებით 10-15%-ა.

ვის უწოდებს ხელისუფლება „ექსტრემისტებს“

პრემიერ ირაკლი ღარიბიშვილის მიერ „ფრანკლინის კლუნის“ (და არა მხოლოდ მათი) ანარქისტულ ჯგუფად მოხსენიების შემდეგ, 14 მარტს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ მარტის აქციებზე „ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებები გაიშიფრნენ“.

კობახიძემ „ფრანკლინის კლუბი“ ამჯერადაც გამოარჩია, მას უცხოური გავლენის აგენტი უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“ წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“.

კობახიძემ ისიც თქვა, რომ აქციებზე „ექსტრემისტულად იქცეოდნენ ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად“ და, რომ სწორედ მათ წიგნებშია აღწერილი მაგალითად ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება და სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა.

ახსენა სიტყვა „რეკრუტირებაც“ - მისი თქმით, „ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ამზადებს სტუდენტებსა და არასრულწლოვან სკოლის მოსწავლეებს. სტუდენტების მობილიზაცია კი ორი „თავისუფალი უნივერსიტეტისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტების“ ბაზაზე ხდება, ფრანკლინის კლუბი “იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურასაც“. რასაც საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კოკა თოფურიამ უპასუხა და თქვა, რომ "ხელისუფლების კამპანიის მიზანი მათი უნივერსიტეტის და მისი სტუდენტების დისკრედიტაციაა“.

„ფრანკლინელები“

მმართველი გუნდის მიერ, „ფრანკლინის კლუბის“ ექსტრემისტულ და რეაქციულ ორგანიზაციად მოხსენიების შემდეგ, სოციალურ ქსელში ერთგვარი „სერტიფიკატების კამპანიაც“ კი დაიწყო - „ფრანკლინის კლუბის“ წევრები, მოსწავლეებიც და მათი მშობლები, სოციალურ ქსელში აქვეყნებენ „ფრანკლინელების“ ფოტოებს - ხელში სერტიფიკატებით.

„ეს ჩემი შვილია, 15 წლის. „ფრანკლინის კლუბის“ კურსდამთავრებული... ქვეყნის პრემიერ-მინისტრის აზრით, ანარქისტი და სატანისტი “, - წერს ქეთი ბოჯგუა და თავისი ვაჟის, ლაშას ფოტოს აქვეყნებს სწორედ ამ სერტიფიკატით ხელში.

გიორგი საითიძეც ერთ-ერთი „ფრანკლინელია“, მან დაწერა, რომ ის და მისი მეგობრები ამ კლუბში სწავლობენ ფიქრს, ანალიზს, კითხვების დასმას.

„ვიღებთ არაფორმალურ განათლებას, რომელიც მოიცავს ყველა იმ საგანს, რასთანაც სკოლაში შეხებაც კი არ გვაქვს, თავისუფალი სივრცეა აზრის დაფიქსირებისთვის და ლიბერალიზმის გაგებისთვის“.

გიორგი საითიძე
გიორგი საითიძე

სოფო ნერგაძე სულ ახალი, ორი კვირის „ფრანკლინელია“ - უნდოდა, რომ განათლება სკოლის გარეთაც მიეღო, თან „ფრანკლინის კლუბში“ მისი მეგობარიც დადიოდა, ამიტომ ლექციებზე, რომლებიც უფასოა, ისიც დარეგისტრირდა. იქ შაბათ-კვირას, დილაობით დადის და ისმენს ლექციებს ეკონომიკაზე, პოლიტიკურ იდეოლოგიებზე, მონაწილეობს დებატებში:

„მომწონს იქაური გარემო, თავისუფლება, უფრო ადვილად ვუსმენ და საინტერესოდაც ხსნიან. ბავშვებიც, ვინც გავიცანი, ყველას ძალიან დავუმეგობრდი. მე მგონია, რომ მანდ ვისწავლი დამოუკიდებლობას და საკუთარი აზრის ქონას“, - მეუბნება სოფო.

მეთორმეტეკლასელი ვატო რამაზაშვილი, „ფრანკლინის კლუბში“ 2022 წლის ზაფხულში მივიდა. გვიყვება, რომ იქ, მისთვის საინტერესო ლექციების მოსმენის გარდა, დახვდა გარემო, რომელიც სკოლაში აკლდა.

ვატო რამაზაშვილი
ვატო რამაზაშვილი

„ძალიან გამიკვირდა, როცა ჩვენი კლუბი უცებ პოლიტიკურ დღის წესრიგში აღმოჩნდა - ჩვენ იქ მხოლოდ ფაქტების გაანალიზებას გვასწავლიან. არასოდეს არავინ ახსენებს „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“. უბრალოდ ვსწავლობთ, როგორ უნდა შევადაროთ პოლიტიკური სისტემები, გვქონდეს ჩვენი აზრი და გავაანალიზოთ ის, რაც ხდება. ეს ადგილი სწორედ ამიტომ მოგვწონს. თავისუფლად რომ არ ვაზროვნებდეთ, არც ამ აქციაზე წავიდოდით. იქ ჩვენ იმ უსამართლობამ გაგვიყვანა, რასაც ვხედავდით“, - უთხრა ვატომ რადიო თავისუფლებას.

ის სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის დროს ისე დაშავდა, რომ ტვინის შერყევით საავადმყოფოშიც მოხვდა.

13 მარტს „ფრანკლინის კლუბმა“ ტელეკომპანია „იმედს“ პირდაპირ ეთერში მიწვევა სთხოვა, რადგან კლუბის განცხადებით, ამ ტელევიზიის ეთერში არაერთხელ გასულ აგრესიული დეზინფორმაციას, რომელიც „ფრანკლინის კლუბისგან“ მტრის ხატს ქმნის. მათი განცხადებით, ეს არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა საკუთარი ნებით განათლების მიღების მოსურნე იმ ახალგაზრდების მიმართ, რომელთა დიდი ნაწილი სკოლის მოსწავლეა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG