Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობის თემაზე ბრიუსელში ევროკომისრებს შეხვდა 


ბრიუსელი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი
ბრიუსელი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის.

როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესს.

ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისართან შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ევროკომისიის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12 პუნქტზე.

„მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გაფართოების საკითხებში კომისართან, ბატონ ვარჰეისთან. ჩვენ ჩავაყენეთ ის საქმის კურსში იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც უკვე გატარდა და დასრულდა პირველ რიგში. ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მივიღეთ ვენეციის კომისიისგან. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ამ კონკრეტული რეკომენდაციების გარშემო უკვე პარლამენტში. პოლიტიკური პროცესია. მე გადავეცი კომისარს ჩვენი მზაობა, რომ საქართველოს პარლამენტი, მმართველი გუნდი ფართო ჩართულობით, ამ პროცესის ყველა მონაწილის ჩართულობით, ეს პროცესი გაგრძელდეს და საქართველომ, რაც შეიძლება მალე, უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა. ჩვენ სრულად გავუზიარეთ გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია კომისარს, მისგან, რა თქმა უნდა, ტრადიციულად მივიღეთ ძალიან მხარდამჭერი გზავნილები. მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ის ძალიან დეტალებში იმ გაწეული სამუშაოთი და სამომავლო გეგმებით, რასაც ჩვენ მომავალში გადავდგამთ, - აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, - მიმართულებები განსაზღვრულია, 12 პუნქტი ყველამ ვიცით, მასზე არის მთავარი აქცენტი და ჩვენ შესაბამისად ვცდილობთ, რომ ის შესრულებული იყოს იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც ჩვენ მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა. ვიტყოდი, რომ თითოეულ პუნქტს თავისი მნიშვნელობა, დატვირთვა აქვს. შესაბამისად, აქ არ არის პრიორიტეტული და ნაკლებად პრიორიტეტული საკითხები. შესაბამისად, საქართველოსთვის ეს 12 რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და ის შესაბამისად უნდა შესრულდეს. ამიტომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და ფოკუსით ვცდილობთ, რომ ეს რეკომენდაციები შევასრულოთ".

ვარჰეიმ შეხვედრის შემდეგ ტვიტერის ანგარიშზე დაწერა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან განხილვის მთავარი თემა იყო 2022 წლის ივნისის დასკვნაში ჩამოყალიბებული 12 პრიორიტეტის გადაჭრის გზა.

მისი განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის.

ბრიუსელში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისარს საშინაო საკითხებში ილვა იოჰანსონს.

„შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში ქართული მხარის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. ამ მხრივ, დადებითად შეფასდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის წესებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართველოს მხრიდან და განსაკუთრებით აღინიშნა ის კონკრეტული ინიციატივები - როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე - რომლებიც უზრუნველყოფს ვიზალიბერალიზაციის პირობებისა და წესების მაქსიმალურ დაცვას", - აღნიშნავს საქართველოს საგარეო უწყება.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG