Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის თქმით, მოსკოვისთვის პრიორიტეტულია ჩინეთთან ეკონომიური ურთიერთობები


ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, სი ძინპინისა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა კრემლში. მოსკოვი, 2023 წ. 21 მარტი.
ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, სი ძინპინისა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა კრემლში. მოსკოვი, 2023 წ. 21 მარტი.

კრემლში დასრულდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის შეხვედრა, რომელმაც სამ საათს გასტანა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა პრიორიტეტებად დაასახელა ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა.

„ჩინეთი რუსეთის წამყვანი უცხოური სავაჭრო პარტნიორია“, - აღნიშნა მან. რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ორმხრივი ვაჭრობის შარშან მიღწეული მაღალი დონე შენარჩუნებული და გადაჭარბებული იქნება კიდეც.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებაზე მუშაობას და რომ რუსეთი ჩინეთს ეხმარება ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენებაში.

პუტინის თქმით, მან და სი ძინპინმა მოლაპარაკებებისას დიდი ყურადღება დაუთმეს პეკინის სამშვიდობო წინადადებებს, რომლებიც, პუტინის თქმით, შესაძლოა საფუძვლად დაედოს უკრაინაში ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას, „როცა დასავლეთი და კიევი ამისთვის მზად იქნებიან“.

თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „ძალიან ბედნიერია“ მოსკოვში ყოფნითა და პუტინთან შეხვედრით, რომელსაც მან მადლობა გადაუხადა „ტრადიციული სტუმართმოყვარეობისა და გულთბილი მიღებისთვის“.

ჩინეთის ლიდერმა მოლაპარაკებები შეაფასა როგორც „პატიოსანი, ღია და მეგობრული“ და აღნიშნა, რომ ის და პუტინი უკვე ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეხმარებიან ერთმანეთს და მომავალშიც აპირებენ დარჩნენ „სტრატეგიული პარტნიორები“.

ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას სი ძინპინმა დააზუსტა, რომ ყურადღების ცენტრში იქნება ენერგომატარებლებით, ნედლეულითა და ელექტრონიკით ვაჭრობა.

უკრაინასთან დაკავშირებით მშვიდობიან წინადადებებზე საუბრისას სი ძინპინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას, განუხრელად იცავს გაეროს ქარტიას და მიუკერძოებელი პოზიცია უკავია.

„ჩინეთი დგას ისტორიული სამართლიანობის მხარეს“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა და ამგვარად შეფარულად გააკრიტიკა დასავლეთი, რომელიც კიევს იარაღით ამარაგებს მაშინ, როცა პეკინი თავის შეკავებას მოითხოვს რომელიმე მხარისთვის იარაღის მიწოდებისგან.

XS
SM
MD
LG