უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების სრული ოკუპაციის მიზნით, რუსეთი განაგრძობს შეტევებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 83 შეტევა. გენერალური შტაბის ცნობით, სხვა მიმართულებებით რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის რეჟიმში არიან.
უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, 22 მარტს რუსეთმა სარაკეტო იერიში განახორციელა ქალაქ ზაპოროჟიეს საცხოვრებელ რაიონზე და 48 საავიაციო დარტყმა - კიევის და ჟიტომირის ოლქების კრიტიკული მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 21 უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 16 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
22 მარტს, რუსეთის სარაკეტო და დრონებით დარტყმების შედეგად, ქალაქ ზაპოროჟიეში 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიევის ოლქში - 8.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 3 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი.