Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანიისგან დასტურის შემდეგ 3 თვეში შევძლებთ პროექტის დასრულებას - კალაძე მეტროსადგურების ტურნიკეტებზე


მეტროსადგური "ახმეტელი"
მეტროსადგური "ახმეტელი"

თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურებში -"ახმეტელის თეატრი", "ვარკეთილი" და "დიდუბე" - ტურნიკეტების შეძენაზე თქვა, რომ ჯერ კომპანიის დასტურს ელოდებიან, შემდეგ კი 3 თვე დასჭირდებათ პროექტის განხორციელებისთვის. ამის შესახებ მერმა დღეს, 23 მარტს, ისაუბრა ჟურნალისტებთან.

"დაწყებული გვაქვს მუშაობა, გამოვლენილი და შერჩეულია პოლონური კომპანია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ველოდებით დადასტურებას. ჩვენ წარვუდგინეთ "ახმეტელის თეატრის" სადგურის სივრცე. დადასტურების შემდეგ, 3 თვეში შესაძლებელი იქნება, პროექტი იყოს დასრულებული", - თქვა კალაძემ და დაამატა, რომ მერია მუშაობს მეორე, უფრო გრძელვადიან პროექტზეც, რაც გულისხმობს მეტროსადგურ "ახმეტელის" ახალი ამოსასვლელ-ჩასასვლელის გაკეთებას:

"ამაზე ჩვენ ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, რათა 12 მეტროსადგური სრულად განახლდეს".

თბილისის მეტროსადგურებს პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის სწრაფად გატარება უჭირთ. პრობლემის შესახებ ცნობილია თბილისის მერიისთვისაც.

5 თვის წინ, 2022 წლის 5 ოქტომბერს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ესაა თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტების - ე.წ. ტურნიკეტების პროექტის განხორციელება".

მანვე აღნიშნა, რომ "ახმეტელის თეატრსა" და "ვარკეთილში" შვიდი გასასვლელია და იგეგმება ცხრა ახალი გასასვლელის მოწყობა, რაც მგზავრთა გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის.

XS
SM
MD
LG