Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, უნდა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა 


ლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მოქმედმა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა არ უპასუხა კითხვას, უნდა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა და მონაწილეობს თუ არა კონკურსში. ამ საკითხზე კითხვა მას უპარტიო დეპუტატმა რომან გოცირიძემ ორჯერ დაუსვა. ხუციშვილი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებშია მისული.

რომან გოცირიძის თქმით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დაიწუნა პრემიერის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შეთავაზებული ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა. ამ კანონპროექტით ეროვნულ ბანკში ჩნდებოდა თანამდებობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პირველი მოადგილისა, რომელიც ხელმძღვანელის არჩევამდე შეასრულებდა მის მოვალეობას.

"კიდევ უფრო ბევრი რამ მოჰყვა ამ ამბებს - შემდეგ გამოვიდა ქალბატონი სალომე და გამოაცხადა ეროვნული ბანკის ორი მრჩევლის თანამდებობაზე კონკურსი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ კვლავ შეიტანეთ განაცხადი ამ კონკურსში მონაწილეობის შესახებ. ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს და ხდება თუ არა ისევ ზეწოლა საქართველოს პრეზიდენტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად თქვენი კანდიდატურის წარდგენაზე... ხდება ეროვნულ ბანკში კლანური გადაადგილება", - იკითხა რომან გოცირიძემ.

მინისტრმა დეპუტატს უთხრა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა მის საკითხთან არ ყოფილა დაკავშირებული.

"მე თქვენ გკითხეთ, გამოცხადებულ კონკურსში შეიტანეთ თუ არა განაცხადი? მე თქვენი ჯინი კი არ მაქვს. საუბარია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მოსპობაზე, ვინაიდან ბანკის საბჭოში არასდროს ყოფილან ამ 30 წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, მისი მოადგილე და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე - ადამიანები გამოცდილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მორჩილების სტაჟი გაქვთ გავლილი. პრობლემა ამაშია. უნდა გვიპასუხოთ, შეიტანეთ განაცხადი თუ არა?" - კიდევ ერთხელ გაიმეორა რომან გოცირიძემ კითხვა.

მინისტრმა დეპუტატს უთხრა, რომ ეს არის კონკურსი, რომელსაც ატარებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თუ ეს უწყება საჭიროდ ჩათვლის ინფორმაციის გაასაჯაროებას, იგი მისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. მოქმედმა მინისტრმა ამ საკითხზე არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ამოეწურა. კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო შეარჩევს თავისი მოქმედი წევრებიდან. შერჩეულ კანდიდატს ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს. საბჭო 9 წევრისგან შედგება, მათ კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი 26 თებერვალს გამოაცხადა. ვადა კი 15 მარტს ამოიწურა.

უფრო ადრე, 23 თებერვალს, მან ვეტო დაადო „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს და თქვა, რომ "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!"

„ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით ცვლილებები, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტმა კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე შეიტანა.

ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, თანაბარი უფლებებით.

კანონპროექტმა კი შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დააკვირდებიან პროცესს და იმის მიხედვით გადაწყვეტენ, დაძლიონ თუ არა პრეზიდენტის ვეტო.

XS
SM
MD
LG