Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე: არანაირი პერსონალური არ არის


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არავის მიმართ არ აქვს პიროვნული წყენა.

„არანაირი პერსონალური არ არის. ვგიჟდები, როდესაც ჩემს სისხლს სვამენ იმაში... არანაირი პრობლემა არ მაქვს და ბევრმა ვერ გაიგო, რომ იმ დღეს, როცა მე შევედი აქტიურად პოლიტიკაში... წყენა არის პიროვნული ურთიერთობების კატეგორია და არა პოლიტიკის კატეგორია", - თქვა მან „TV პირველთან" ინტერვიუში.

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავად, სამი ადამიანი შეიწყალა.

„პრეზიდენტს არ შეიძლება, რომ ჰქონდეს პირადი წყენა. მე მგონი, რომ ამის მაგალითი სამი უკვე მქონდა - ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა, რამდენი დავასახელო. არც ერთი მათგანის მიმართ პიროვნული გრძნობები არც მე მქონდა და არც მათ არ აქვთ ჩემ მიმართ დღემდე“, - შენიშნა მან.

როგორც ზურაბიშვილმა თქვა, არავის აქვს უფლება პრეზიდენტს მიუთითოს შეწყალებაზე.

„ერთადერთი შემაფერხებელი არის ის გაუთავებელი რეკომენდაციები თუ ზეწოლები; თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები, მათ ვუთხარი პირდაპირ, რომ პატარა ქვეყანა, რომ ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ნება აიღონ თავიანთ თავზე და ისეთი გზავნილი იყოს ჩემზე პიროვნულად - მოდით და ვიღაც შეიწყალეთ. ამის უფლება არავის აქვს არცერთი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ არანაკლები თანასწორი ქვეყანა, როგორც სხვები. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“, - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს ნიკა გვარამიას პოზიციას, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტს არ სთხოვს შეწყალებას.

შეკითხვაზე, პოლიტიკური პროცესისთვის, თუ დაინახავთ, რომ 12 პუნქტის შესრულების დროს თუ ნახავთ, რომ მის შესრულებას რაღაც რგოლი აკლია, თქვენ მიიღებთ შეწყალების გადაწყვეტილებას?

„თუ“-ზე გავჩერდეთ", - უპასუხა პრეზიდენტმა.

16 მაისს ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

XS
SM
MD
LG