Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინის თქმით, შეწყალებულია „ვაგნერში“ მებრძოლი 5 ათასზე მეტი პატიმარი


კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი

ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ შეწყალებულია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ გაწევრიანებული ხუთი ათასზე მეტი პატიმარი.

პრიგოჟინი კომპანიის დამაარსებელია. მისი თქმით, უკრაინის ტეროტორიაზე საბრძოლო მოქმედებებიდან დაბრუნებულ შეწყალებულთა მხოლოდ 0,31%-მა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული ერთი თვის განმავლობაში. პრიგოჟინის სიტყვებით, ეს 10-20-ჯერ ნაკლებია ჩვეულებრივ მაჩვენებლებზე.

„რუსეთში დამნაშავეობა ათჯერ შევამცირეთ, ყოფილი პატიმრები უკეთესად გავწვრთენით, ვიდრე საბჭოთა დროს წვრთნიდნენ პიონერებსა და ოქტომბრელებს,“ ნათქვამია კომენტარში, რომელიც ბიზნესმენის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

„ვაგნერის“ წევრთა შეწყალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომლის მებრძოლები მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში სირიაში, აფრიკასა და უკრაინაში. კომპანიის ხელმძღვანელია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.

რუსეთის კანონმდებლობით კერძო სამხედრო კომპანიები აკრძალულია. ხელისუფლება „ვაგნერის“ მებრძოლებს ოფიციალურად „მოხალისეებს“ უწოდებს.

აშშ-ის დაზვერვის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში „ვაგნერის“ წევრთა რაოდენობა შესაძლოა 50 ათასს აღწევდეს. მათ 90%-ს მიწვეული პატიმრები შეადგენენ.

XS
SM
MD
LG