Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, მხოლოდ მას შეუძლია უკრაინაში პუტინის აგრესიის შეწყვეტა


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 2022 წ. 12 მარტი.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 2022 წ. 12 მარტი.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც პირველად გამოჩნდა ხალხში მას შემდეგ, რაც თავისი სავარაუდო დაპატიმრების თაობზე გააკეთა განცხადებები ერთი კვირის წინ, თქვა, რომ არასოდეს მისცემდა პუტინს უკრაინაზე თავდასხმის უფლებას, კვლავაც პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.

ათასობით თავისი მომხრის წინაშე გამოსვლისას, რომელიც ტეხასის შტატში, უეკოს აეროდრომზე გამართულ მიტინგზე შედგა, ტრამპმა დამსწრეთ შეახსენა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

ტრამპის აზრით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა გაბედა, ვინაიდან დაინახა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის გაუბედაობა.

„საკმარისი იყო, წავსულიყავი - როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ მაშინდელ კატასტროფას - მათ [რუსებმა] მაშინვე დაიწყეს [უკრაინის] საზღვრებთან ჯარების თავმოყრა,“ თქვა ტრამპმა.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ტრამპი ამბობდა, რომ პუტინს „უკრაინის ერთი ნაჭრის ხელში ჩაგდება სურს“. ახლა კი, მისი თქმით, პუტინი არ გაჩერდება, სანამ მთელს უკრაინას არ მოიპოვებს.

ხელახლა არჩევის შემთხვევაში ტრამპმა პირობა დადო, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერებს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. „როცა პრეზიდენტი გავხდები, ამას 24 საათში მივაღწევ,“ თქვა მან, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.

„მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია თქვას შემდეგი: მე შემიძლია მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება,“ განაცხადა ექსპრეზიდენტმა პუბლიკის მხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით.

XS
SM
MD
LG