Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში, ტულის ოლქში, სავარაუდოდ დრონის ძლიერი აფეთქება მოხდა


ცენტრალურ რუსეთში, ტულის ოლქის ქალაქ კირეევსკში, 26 მარტს დღისით აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ აფეთქდა ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატი. ტასი ადგილობრივ ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაიჭრა ორი ადამიანი. ვინ და რა მიზნით გაუშვა დრონი, არ არის ცნობილი.

გამოცემა „ბაზის“ ცნობით, აფეთქების ადგილზე გაჩენილი კრატერის დიამეტრი 10-15 მეტრია, სიღრმე - 6-დან რვა მეტრამდე. უხეში დაანგარიშებით ესაა დაახლოებით 14,5 კილოგრამი ტროტილის ასაფეთქებლის ეკვივალენტი.

ტულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ დაზიანებულია სამი საცხოვრებელი სახლი. „ამჟამად მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება,“ ნათქვამია რეგიონული უსაფრთხოების ადგილობრივი კომიტეტის განცხადებაში.

გამოცემა SHOT-ი წყაროების დაუსახელებლად იტყობინება, რომ კირეევსკში აფეთქდა საბჭოთა უპილოტო საფრენი აპარატი „სტრიჟი“. ეს საბჭოთა პერიოდის მზვერავი საფრენი აპარატიებია რეაქტიული ძრავით. უკრაინის არმია ამ დრონებს მოდიფიცირებული სახით იყენებს იერიშების განსახორციელებლად. კიევი ასეთ თავდასხმებზე ოფიციალურად არ აკეთებს კომენტარებს. კირეევსკი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრზე მდებარეობს.

გაურკვეველია, რა წარმოადგენდა დრონის სამიზნეს. მაგრამ კირეევსკი 25 კილომეტრით არის დაშორებული ნოვომოსკოვსკიდან, სადაც სამხედრო ქარხნები მდებარეობს. კირეევსკიდან 10 კილომეტრზე მდებარეობს ტულა, სადაც მდებარეობს რუსეთის უძველესი იარაღის ქარხანა.

XS
SM
MD
LG