Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიზისი ისრაელში: პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი გადააყენა


ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი. 9 მარტი, 2023.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი. 9 მარტი, 2023.

ისრაელში გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ. თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი გამოვიდა წინადადებით, რომ რეფორმის გატარების პროცესი შეჩერდეს. მისი თქმით, შექმნილი ვითარება ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.

გალანტის განცხადებით, საპროტესტო განწყობა არსებობს ისრაელის არმიასა და უშიშროების სამსახურებშიც. მას მხარი დაუჭირა ოპოზიციის ლიდერმა, ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა. მან გალანტის განცხადებას უწოდა თამამი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ისრაელის უსაფრთხოებისთვის.

ამის საპასუხოდ ნეთანიაჰუმ გალანტი გადააყენა. ამის შესახებ კვირას საღამოს იუწყებოდა The Jerusalem Post-ი. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დაკარგა მინისტრის მიმართ ნდობა, ვინაიდან ის „მთავრობის ზურგსუკან მოქმედებდა“.

სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ზედიზედ მეთორმეტე კვირა გრძელდება. მათი ორგანიზატორების თქმით, გუშინ ქუჩებში გამოვიდა 600 ათასზე მეტი დემონსტრანტი. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო. ისრაელის მოსახლეობა 8 მილიონზე ოდნავ მეტია.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ შეთავაზებული სასამართლო რეფორმა გულისხმობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას, თავად სასამართლო კი დაკარგავს მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმების უფლებას. პარლამენტმა მომავალ კვირაში უნდა გამოიტანოს რეფორმა კენჭისყრაზე. დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ ეს სასამართლოების დამოუკიდებლობის დაკარგვას მოასწავებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც კვლა იქნა არჩეული გასული წლის დეკემბერში, მიიჩნევს, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიზანია ხელისუფლებიდან მისი გადაყენება. ზოგიერთი დემონსტრანტი მართლაც გამოდის ასეთი მოწოდებებით. თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ნეთანიაჰუმ უკვე მერვედ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ამჟამად მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული კორუფციის ბრალდებით. თავად ნეთანიაჰუ უარყოფს ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG