Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომების ბოიკოტი შეწყვიტა


რუსთავის საკრებულოს სხდომა.
რუსთავის საკრებულოს სხდომა.

დღეიდან, 27 მარტიდან, საკრებულოს ბოიკოტირება შეწყვიტა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მას შემდეგ, რაც დღესვე ადგილობრივმა მერიამ ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის თანამშრომლებს საშვებულებო, სამივლინებო და ბიულეტენის თანხა ჩაურიცხა.

ფრაქცია დღეს საკრებულოს სხდომაზე დაბრუნდა და მხარი დაუჭირა მერიის მიერ წარდგენილ საკითხებს. მანამდე, ოპოზიციურ უმრავლესობაში გაერთიანებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ “ საკრებულოს სხდომები ორჯერ ჩაშალა. უმრავლესობა მერიისგან აპარატის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდას მოითხოვდა.

„ჩვენ არ გვქონდა მორალური უფლება მონაწილეობა მიგვეღო საკრებულოს მუშაობაში, მაშინ, როცა ჩვენს თანამშრომლებს კუთვნილი ანაზღაურებაზე უარს ეუბნებოდნენ", - უთხრა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამარ მეტრეველმა.

რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურ უმრავლესობაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ერთი წევრ შედიან. ქალაქის მერი, ნინო ლაცაბიძე კი ქვეყნის მმართველი ძალის „ქართული ოცნების" წარმომადგენელია.

რუსთავის მერის და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრების ბრიფინგი.
რუსთავის მერის და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრების ბრიფინგი.

დღევანდელ სხდომამდე ქალაქის მერმა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მერმა ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს უმრავლესობა მერიის ინიციატივების საბოტაჟში დაადანაშაულა. ამასთან, ნინო ლაცაბიძემ დასძინა, რომ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდა კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით იყო მოთხოვნილი.

„მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა" და პარტია „საქართველოსთვის" წევრები ატარებენ, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ქალაქის ბიუჯეტს და ზოგადად განვითარებას საფრთხის წინაშე აყენებს", - თქვა ნინო ლაცაბიძემ. მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" და პარტია „საქართველოსთვის" წევრების „ერთობლივ პოლიტიკურ თამაშებს“, ამჯერად რუსთავის განვითარების გენერალური გეგმა, მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციონირება და რეფორმები შეიძლება შეეწიროს.

XS
SM
MD
LG