Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისს სოლიდარობა გამოუცხადეს


თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მოქალაქეები შეიკრიბნენ. დემონსტრანტების განცხადებით, მათი მიზანია, ლაზარეს გათავისუფლება. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ დაკავებები გაგრძელდება და მიაჩნიათ, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებები უნდა გაგრძელდეს.

„სოლიდარობას ვუცხადებთ ახალგაზრდა ლაზარეს. დღესდღეობით ლაზარეა დაკავებული და ხვალ შეიძლება ყველა ჩვენგანი იყოს. ეს არის დაშინების აქტი. ეს არის ახალგაზრდების დაშინების აქტი, მაგრამ ვერავის დააშინებენ", - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე კაცმა, რომელსაც ხელში ეკავა პლაკატი წარწერით: „დღეს მეც ლაზარე ვარ".

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე იმყოფებოდა პარტია „ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. მას მიაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე პროტესტის რადიკალური ფორმით გამოხატვა მისაღებია.

„ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა თაობას დაადოს კბილი, უბრალოდ ისინი დააშინოს, დაიჭიროს, გამოკეტოს ციხეში 7-დან 11-წლამდე, იმიტომ, რომ თუნდაც რადიკალურად იცავდნენ ქვეყნის მომავალს და არ უნდათ, რომ იცხოვრონ რუსეთის გუბერნიაში, - აღნიშნა კუპრაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში და განაგრძო, - შეკითხვას სვამენ ხოლმე, რადიკალური, რომ იყო [პროტესტი], კარგია? კი, როცა ეხება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო ვექტორს, რომელიც განსაზღვრავს საგარეო ვექტორს, უნდა იყო რადიკალური. ამაზე დგას დასავლური ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც ინარჩუნებენ მათ მონაპოვარს სწორედ რადიკალური პროტესტის ფასად... პასუხი ძალიან მარტივია, თუ აპირებენ სამართლებრივ დეტალებზე საუბარს, ჯერ გვაჩვენონ ის პოლიციელები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, მაღაზიებთან წიხლებით სცემდნენ უდანაშაულო გოგო-ბიჭებს, ძირს აგდებდნენ და უბრალოდ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, ჯერ ეს ადამიანები გვაჩვენონ ბორკილდადებული".

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაზარე გრიგორიადისს, 7-9 მარტის აქციების მონაწილეს, ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
XS
SM
MD
LG