Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა ბუჩის გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის მონაწილეებს მიმართა


სალომე ზურაბიშვილი ბუჩის გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის მონაწილეებს მიმართავს
სალომე ზურაბიშვილი ბუჩის გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის მონაწილეებს მიმართავს

ბუჩის გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის მონაწილეებს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა.

„დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს - უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს.

სამიტი - „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“, ე.წ. ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარდგა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ სამიტში მონაწილეობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ არ ვივიწყებთ აგრესიისა და სისასტიკის წინაშე უკრაინის შესანიშნავ სიმტკიცესა და სიმამაცეს. პრეზიდენტო ზელენსკი, ამ დღეს ფიზიკურად მსურდა თქვენ გვერდით ყოფნა, თუმცა პარლამენტში სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მსოფლიო ცივილიზაციისა და ევროპის ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის მსხვერპლთ.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ სისასტიკეს ასახავდა. ეს იყო შემზარავი გაცნობიერება და თითოეული ჩვენგანისათვის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულების შეხსენება, შეხსენება იმ დანაშაულებისა, რომლებიც შეიძლება უკონტროლო სამხედრო ძალამ ჩაიდინოს, დაუსჯელობისა და საერთაშორისო წესრიგის შეგრძნების გარეშე - ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის არავითარი განცდით.

პატივცემულო საზოგადოება, ამ ფოტოებმა შოკში ჩააგდო მსოფლიო და ჩვენც, საქართველოში შეშფოთებულნი და შოკირებულნი ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ჩვენი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული პირდაპირი აგრესია“.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოების პასუხი და მათ მიერ რუსეთის რეჟიმის რეალური არსის გაგება უფრო მტკიცე რომ ყოფილიყო, ყირიმში აგრესიის გამეორება და პირდაპირი ანექსიით საერთაშორისო პრინციპების პირდაპირი დარღვევა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული:

„მაშინ, 2022 წლის 24 თებერვალი შესაძლოა, ერთი, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეებისათვის. შესაძლოა, ბუჩა არ მომხდარიყო. თუმცა, რეალობა სხვაა - დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ, ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას... პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

2022 წლის მარტის ბოლოს, რუსეთის ჯარებმა კიევის რეგიონი, მათ შორის ქალაქი ბუჩა, დატოვეს. 31 მარტს ქალაქში შევიდნენ უკრაინელი სამხედროები, ასევე უცხოური გამოცემების ჟურნალისტები, რომლებმაც რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგები აღბეჭდეს. ქალაქი ბუჩა 2022 წლის მარტში რუსეთის არმიის ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების სიმბოლოდ იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG